სტატიები

რა დაავალა მელანაშვილის საქმეზე სასამართლომ მერიას? – ადვოკატის და მერიის პოზიცია

გორის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ნაილი მელანაშვილი, მობილობის წესით, სამსახურში აღდგენას ელოდება. როგორც მელანაშვილი ამბობს, სწორედ ამის გაკეთება დაავალა გორის მერიას სასამართლომ. 

“პროცედურულად, როგორც არის, მივყვებით ბოლომდე. თუ არ აღასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამასაც გავასაჩივრებთ”, – გვითხრა მელანაშვილმა. 

მისი საკითხის გარკვევას, “მოზაიკა” ჯერ გორის მერთან შეეცადა, თუმცა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გვითხრა, რომ სასამართლოს მიერ 2 თვის წინ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. 

“ეს საკითხი იურისტებთან უნდა გავიარო, ზეპირად ამდენი რამე ხომ ვერ მეცოდინება?!”, – უთხრა ჟურნალისტებს ხინჩეგაშვილმა. 

მერიის ოფიციალური პოზიციის გასარკვევად, “მოზაიკამ” უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურ მიმართა. 

“მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. კონკრეტულად, სასამართლომ დაგვავალა ნაილი მელანაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის ხელმეორედ განხილვა”, – გვითხრა სამსახურის უფროსმა ნათია მდინარაძემ. 

მერიის ეს პასუხი ნაილი მელანაშვილისთვის და მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციისთვის არადამაკმაყოფილებელია. როგორც საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, სასამართლომ მერიას გათავისუფლების საკითხის ხელახალი განხილვა კი არა, მელანაშვილის მობილობის წესით, სამსახურში აღდგენა დაავალა. 

“სასამართლომ ბათილად ცნო ნაილი მელანაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, რადგან სამსახურიდან გათავისუფლებამდე, მერიას უნდა ჩაეტარებინა მობილობა და ნაილი მელანაშვილისთვის სხვა პოზიციაზე მუშაობა შეეთავაზებინა, რაც მერიას არ გაუკეთებია. შესაბამისად, სასამართლომ დაავალა მელანაშვილის მიმართ მობილობის განხორციელება”, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება კომპენსაციას, ქეთი ბებიაშვილის თქმით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ განაცდურის ანაზღაურებაა, რომლის ოდენობა ამ დროისთის უკვე 6 000 ლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ ნაილი მელანაშვილი საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში 9-წლიანი მუშაობის შემდეგ, რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს. ის ერთ-ერთია, ვინც გორის მერის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 

ამავე თემაზე: წაგებული დავები და კომპენსაციები – რა უჯდება გორის ბიუჯეტს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა?

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.