გორში, 15 მაისს, 12:00 საათზე, გორის კულტურის ცენტრში ევროპის საბჭოს ოფისისა და გორის მერიის ორგანიზებით გაიმართება ფორუმ – თეატრი.
მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მოვლენები საკუთარი ხედვით განავითარონ და შეცვალონ სცენარი.
“ფორუმ – თეატრი პანელური დისკუსიით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ – ადამიანები, რომელთაც სცენარის შეცვლა რეალურ ცხოვრებაში სცადეს, შეხვდნენ გამოწვევებს და თავიანთი პატარა თუ დიდი ქმედებებით მიღწეული შედეგებიც დაინახეს და ახლა მზად არიან, საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
- დაკო მურადაშვილი – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გორის ოფისის ხელმძღვანელი;
- ოთო გვრიტიშილი – გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელი;
- ალექსანდრე თარხნიშვილი – გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.
პანელური დისკუსიის მოდერატორი ნათია აფხაზავა იქნება, რომელიც მონაწილეებს ასევე გააცნობს სამოქალაქო ჩართულობის Uchange-ის მეთოდოლოგიას/თამაშს. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.