ახალი ამბები

“ახალბაღში” სტალინის ძეგლი პირვანდელი სახით დარჩება

გორში, კულტურისა და დასვენების პარკ “ახალბაღში” მდგარ სტალინის ძეგლს რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება. “მოზაიკას” ინფორმაციით, ძეგლი სკვერში პირვანდელი სახით დარჩება. 

“ძეგლი დარჩება ისევ ისე, როგორც მანამდე იყო. მისი შეღებვა ან მისი პედესტალის შეცვლა დაგეგმილი არ არის, ამის საჭიროება არც არსებობს”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

სტალინის ძეგლის რეაბილიტაცია, ბოლო დღეებში, “ახალბაღის” პროექტის ერთ-ერთ სადაო პუნქტად იქცა. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ რეაბილიტირებულ სკვერში სტალინის ძეგლი აღარ უნდა იდგას და პროექტში მისი დემონტაჟი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

“პროექტში ამ პუნქტის არსებობა, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება საბჭოთა სიმბოლიკების აღებას კი არა, მათ შენარჩუნებას ცდილობს. ეს არის კანონის “თავისუფლების ქარტია” დარღვევა. ეს კანონი საფუძველია იმის, რომ რეაბილიტირებულ სკვერში დიქტატორის ძეგლი აღარ იდგეს, მაგრამ ხელისუფლება ძეგლის დემონტაჟის ამ კანონიერ საფუძველს პრინციპულად არ იყენებს”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი. 

პროექტის ამ პუნქტის შესახებ “მოზაიკა” ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა, თუმცა მაშინ დაგეგმილი სამუშაოები ფართო საზოგადოების განხილვის საგანი არ გამხდარა. 

მოქალაქეებისთვის დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე არც “მუნიციპალური განვითარების ფონდს” და არც ადგილობრივ ხელისუფლებას არ უზრუნია. შესაბამისად, პროექტში არც იმ ადამიანების მოთხოვნა აისახა, რომლებიც კანონის “თავისუფლების ქარტია” შესრულებას ითხოვენ. 

დატოვეთ კომენტარი