პეიზაჟები, პორტრეტები და ნატურმორტები 50 წლის ხაშურელმა ლალი ხვედელიანმა ტილოზე ნაქარგებით გადაიტანა.
ლალი პროფესიით არქიტექტორია. თითქმის 25 წელია, რაც მისთვის ცხოვრება ქარგვის გარეშე წარმოუდგენელია. როგორც თავად გვითხრა, ხშირად მონაწილეობს გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში..
“ისეთ პერიოდში დავასრულე სწავლა, რომ სპეციალობით მუშაობა ვერ დავიწყე. ჯერ ნამცხვრებს და ტორტებსაც ვაცხობდი, მერე ქარგვამ დამაინტერესა. არავის უსწავლებია, ჩემი ფანტაზიით ვქარგავდი, დრო რომ გამეყვანა. ეს დაახლოებით 25 წლის წინ დაიწყო. პირველად ყვავილები დავქარგე, რომელიც დღემდე სახლში მაქვს. მას შემდეგ უამრავი ნამუშევარი დამიგროვდა”.
ლალი ამბობს, რომ ეს ხელსაქმე მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა.
“ქარგვა მამშვიდებს. ყველა, ვისაც უყვარს, ასე ფიქრობს. რაც მომივა თავში, იმას ვაკეთებ. პეიზაჟი, ნატურმორტი, გრაფიკა. ყველაფერს ვაკეთებ ფანტაზიით. ჩემს ხელწერას ვამჩნევ ყველა ნამუშევარს, რომელიც ჩემი ექსკლუზივი არ არის”.
ლალიმ ხაშურში მოსწავლეთა სახლში ქარგვის წრე გახსნა და ახლა ხელსაქმეს ახალგაზრდებს ასწავლის.
“ვასწავლი ყველას, ვისაც ინტერესი აქვს. არ მერთულება ის, რაც ვიცი, უბრალოდ შრომატევადია, ბევრ მუშაობას ითხოვს, ფერების შერჩევა, კონტროლი და დეტალებზე მუშაობა გიწევს. ნამუშევრების გაყიდვა არ მიყვარს, მენანება, ვიცი, იდენტურს ვეღარ დავხატავ, თუმცა ვყიდი და გაჩუქებულიც მაქვს, რა თქმა უნდა, ბევრი ნამუშევარი”.