ადამიანები ისტორიები

ფაჩუჩები, სამკაულები, თოჯინები, აქსესუარები – ნივთები, რომელსაც ქეთი კურტანიძე ქმნის

“თითქმის ყველანაირი ხელსაქმე მეხერხება, ქარგვა, კერვა, ქსოვა. ბოლო პერიოდია მატყლისგან და მირინოსისგან დამზადებულ ნივთებს ვქმნი”.

ქეთი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში ცხოვრობს. პროფესიით ქორეოგრაფია. ამბობს, რომ თექაზე მუშაობა ხელოვნების მიმართ სიყვარულმა გადააწყვეტინა.

“ვქმნი მატყლით და მირინოსით დამზადებულ ნამუშევრებს. ფაჩუჩები, სამკაულები, თოჯინები, სხვადასხვა აქსესუარები, ეს ყველაფერი ნატურალურია, რაც მე განსაკუთღებით მომწონს. ეს ყველაფერი ხელოვნებასთან კავშირშია და ინტერესიც ამიტომ გამიჩნდა. ამ მიმართულებით მუშაობა დაახლოებით 5 წლის წინ დავიწყე, ჩემი დეიდაშვილი ქმნიდა და მას ვუყურებდი ხოლმე, ყველანაირი ხელსაქმე მეხერხება და მარტივად ვისწავლე”.

ქეთი საკუთარ ცოდნას დაუზარებლად უზიარებს დაინტერესებულ ადამიანებს.

“შრომატევადია, დიდი დრო უნდა, მაგრამ შედეგს რომ ხედავ, იმ შრომაზე აღარ ფიქრობ. სრული სახე რომ მივიღოთ, მაგალითად ერთი ფაჩუჩის, ორ სამი დღე მაინც სჭირდება. ჩემს სოფელში ქალებს აქვთ ინტერესი ხელსაქმის შესწავლის,  მე რა თქმა უნდა, დაუზარელად ვუზიარებ ჩემს ცოდნას, მაგრამ რომ ხედავენ, რამხელა დროს და ენერგიას მოითხოვს, ცოტა გულს იცრუებენ.

ქეთი ამბობს, რომ ამ საქმეს სიყვარულით აკეთებს და არა ფულადი დაინტერესების გამო.

“ეს არ არის შემოსავლის წყარო, ეს არის საქმის სიყვარული. ძირითადად ტურისტზეა გათვლილი, საქართველოში ეძვირებათ. შეკვეთებს ვაკეთებ საზღვარგარეთისთვის, ვაგზავნი, ვისაც რა უნდა. მე ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით ცენტრშიც ვმუშაობ ჩემი პროფესიით, ამიტომ მთლიან დროს ვერ ვუთმობ ხელსაქმეს, მაგრამ როცა საშუალება მეძლევა, დავდივარ სხვადასხვა გამოფენებზე, საქართველოს მასშტაბით”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.