ავტორი: ვლადიმერ მოციქულაშვილი, მზარეული
ბავშვობიდან მომწონდა კულინარია. თუმცა, მაშინ კულინარია არც ვიცოდი, რა იყო. უბრალოდ, საჭმელების მომზადება და კეთება მინდოდა. სწორედ ამან განაპირობა, რომ ეს ჩემს საქმიანობად ვაქციე.
ბოლო პერიოდში კულინარია ძალიან მოთხოვნადი გახდა, გაიზარდა ცოდნა და ინტერესი, კეთდება კულინარიული გადაცემები, ასევე ერთ-ერთი მაღალ ანაზღაურებად პროფესიად იქცა.
დღეს კერძები მხოლოდ საკვებს კი აღარ წარმოადგენს, ის უკვე ხელოვნების ნიმუშია.
მზარეულები, ფაქტობრივად, ხატავენ თეფშებზე და როდესაც ამა თუ იმ კერძს უყურებ, გემოვნურთან ერთად, ესთეტიკურ სიამოვნებასაც განიჭებს.
კარგი მზარეული რომ იყო, პროფესიულ განათლებასთან ერთად, საჭიროა ნიჭიც.
რა თქმა უნდა, პროფესიული განათლება მოგცემს უნარებს, რეცეპტის მიხედვით, სრულყოფილად მოამზადო კერძები; ხოლო ნიჭი და ფანტაზია მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო ძველი რეცეპტები, შექმნა ახლი და გაიზარდო, როგორც მზარეული, იპოვო გამოსავალი გამოუვალ მდგომარეობაში და მაქსიმალურად შეძლო, სიამოვნება მიიღო ახალი გემოების შექმნითა და აღმოჩენით.
დღეს კულინარიის შესწავლის ბევრი მსურველია.
მინდა, გირჩიოთ, რომ მთავარია, გიყვარდეთ კერძების მზადება, არ გეშინოდეთ დაბრკოლებების, მარცხის, სირთულეების, სტრესის, დაიწყეთ ნულიდან და ადით მწვერვალზე.
მე პირადად, მომავალში, აუცილებლად გავაგრძელებ ამ მიმართულებით პროფესიულ ზრდას, რადგან ამ საქმის კეთება სიამოვნებას მანიჭებს. შემდგომში აუცილებლად უფრო მეტს ვისწავლი. ეს ისეთი სფეროა, რომელიც სულ ვითარდება, იხვეწება და ახალ სიმაღლეებს აღწევს.