ხაშურში მცხოვრებმა ოთარ ლაცაბიძემ საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, აპირებს სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, დაეხმაროს ისეთ ბავშვს, რომელსაც “ბოლო ზარისთვის” საჭირო ნივთების ყიდვა არ შეუძლია.
ოთომ პოსტი სპციალურ ქსელში განათავსა. ამით ადამიანებს მოუწოდა გაერთიანდნენ და თუნდაც ერთი დღე გაულამაზონ ახალგაზრდებს.
“ხაშურში ვინც წელს ამთავრებს სკოლას და “ბოლო ზარისთვის” საშუალება არ აქვს, არის გაჭირვებული ოჯახიდან, ვუყიდი ტანსაცმელს და ჩემი მანქანით მოვემსახურები”, – წერს ოთო.
ოთო ფიქრობს, რომ ქველმოქმედებისთვის მთავარი სურვილია და არა ბევრი ფული.
“ამას არ ვაკეთებ საპიაროდ, არც პირველად ხდება, როცა ადამიანებს ვეხმარები, უბრალოდ ამაზე არ ვსაუბრობ. მინდა ჩემი კამპანია იყოს გადამდები. ჩემს ირგვლივ არიან მეგობრები, ახლობლები, რომლებსაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ. ყველა რომ ერთ მოსწავლეს დაეხმაროს, რა ბედნიერება იქნება, თუ ხვდებით? – არც მე მაქვს ბევრი, მაგრამ მოვიკლებ და იმ ერთს გავახარებ, რადგან კარგად მესმის, რას ნიშნავს, როდესაც ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ისე ვერ ხვდები, როგორც შენ გინდა”.
ოთო ამბობს, რომ სხვებზე ზრუნვა ოჯახისგან ისწავლა. 12 წლის ასაკში, ის ხაშურის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დადიოდა და იქ მცხოვრები პაციენტებისთვის საკვები დაჰქონდა.
“ოჯახმა მასწავლა, რომ სხვას უნდა დავეხმარო. პატარა ვიყავი, როდესაც ბებოსთან და დედასთან ერთად, სახლში ოჯახურ კერძებს ვამზდებდი და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამქონდა. ეს ჩემი სურვილი იყო, რომ მათ დავხმარებოდი. დაახლოებით 25 წლის ასაკში, ავარიაში მოვყევი, ჩემი გადარჩენის შანსიც აღარ იყო, აპარატიდანაც გამომრთეს, მაგრამ სასწაულით დავუბრუნდი ამ სამყაროს. რომ გამიღვიძია მითქვამს, არ მოვკვდებოდი, ჩემი პაციენტები მელოდებიან-მეთქი. მიყვარს კეთილი საქმის გაკეთება და ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტს გავაკეთებ”.