ადამიანები ისტორიები

ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია და ოლიმპიადის მოგების სურვილი – გიორგი დულარიძის ამბავი

17 წლის გიორგი დულარიძე კადეტთა ევროპის თასის პირველობაზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა და ამ გამარჯვებით მან ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ლიცენზია მოიპოვა.

გიორგი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში ცხოვრობს. ძიუდოში პირველი ნაბიჯები სწორედ სოფლის საჭიდაო დარბაზში გადადგა, როდესაც მამამ 7 წლის ასაკში სპორტზე შეიყვანა.

“ვარჯიში სოფლის დარბაზში დავიწყე, სადაც რთული პირობები იყო, არც გათბობა გვქონდა და ბავშვებიც არ დადიოდნენ ხოლმე. ძიუდოზე მამამ მიმიყვანა. როგორც მომიყვა 2004 წლის ოლიმპიადას უყურებდა, სადაც ზვიადაური გახდა ჩემპიონი. მაშინ უთქვამს, თუ ბიჭი მეყოლება, ძიუდოზე შევიყვანო და ასეც მოხდა. ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამაა, დედა ხშირ შემთხვევაში, ტელევიზორშიც ვერ მიყურებს”, – გვიყვება გიორგი

გიორგის 10 წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში 50- ზე მეტი მედალი აქვს აღებული – მოგებებია, როგორც საერთაშორისო ასევე საქართველო.

“ამ უკანასკნელი ტურნირისთვის სრული დატვირთვით ვემზადებოდი. დღის განმავლობაში 6 საათს ვვარჯიშობდი, ყოველ დღე. 50 მედალზე მეტი მაქვს საერთაშორისო ტურნირებზე აღებული. თებერვალში ჭაბუკებში გავხდი საქართველოს ჩემპიონი. შემდეგ ზაგრებში, ხორვატიაში ავიღე ევროპის თასზე მესამე ადგილი. 66 კგ ისეთი წონაა, ბევრი კონკურენტი მყავს. ევროპის თასზე 8 ქართველი ვიღებდით მონაწილეობას. დიდი სიხარულია გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის ჰიმნის აჟღერება”.

გიორგი ამბობს, რომ მისი წარმატებით წახალისებული ბევრი მოზარდი დაინტერესდა ამ სპორტით.

“ჩემი წარმატების შედეგ, ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო ჩემ გამო ვარჯიში და ძალან მახარებს. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ყველა სპორტსმენის სურვილია ევროპის მსოფლიო და ოლიმპიადის მოგება. 23-24 წლის ასაკში ოლიმპიადის ჭიდაობა შემეძლება, ამიტომ წინ ბევრი შრომა მომიწევს, რომ ამ ჩემპიონატზე მოვხვდე”, – ამბობს ის.

გიორგი ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლს ივნისის თვეში ჩატარდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.