ქარელის მერის პირად საკუთრებაში 2 საცხოვრებელი სახლი, 3 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი ფიქსირდება. მათ შორისაა, გასულ წელს 170 000 დოლარად შეძენილი ორი საცხოვრებელი სახლი თბილისში.
ქარელის მერმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, 2023 წლის 24 აპრილს განაახლა. უკვე მეათე წელია, რაც გულიაშვილს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის გასაჯაროების ვალდებულება აქვს – პირველი ქონებრივი დეკლარაცია, მან 2014 წელს შეავსო, მაშინ გულიაშვილი ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
ქარელის სათავეში მოსვლის დროს, ზაზა გულიაშვილი 41 წლის იყო და მის საკუთრებაში 1 მიწის ნაკვეთი, 1 ბინა და 1 საცხოვრებელი სახლი ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, გულიაშვილს შემოსავალი არც სოფლის მეურნეობიდან ჰქონდა.
სესხები და დამატებითი შემოსავლები:
შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, პირველი შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან, ზაზა გულიაშვილს 2014 წელს უფიქსირდება – 25 000 ლარის ოდენობით. იმ დროისთვის, ის უკვე ქარელის გამგებელია და მისი შრომითი ანაზღაურება, წლიურად 21 200 ლარია.
დოკუმენტების მიხედვით, ამ სფეროდან შემოსავალი გულიაშვილს მომდევნო წლებშიც უფიქსირდება:
- 2015 წელი: 50 000 ლარი;
- 2016 წელი: 38 000 ლარი;
- 2017 წელი: 30 000 ლარი;
- 2018 წელი: 38 000 ლარი;
- 2019 წელი: 41 000 ლარი;
- 2020 წელი: 75 000 ლარი;
- 2021 წელი: 90 000 ლარი;
- 2022 წელი: 105 000 ლარი.
ჯამში, 2015-2022 წლებში, გულიაშვილმა სოფლის მეურნეობიდან 467 000 ლარი მიიღო, თუმცა შემოსავლის გარდა, დოკუმენტაციის მიხედვით, ქარელის მერს სასესხო ვალდებულებებიც ეზრდებოდა.
2015 წლის შემდეგ, სხვადასხვა მიზნით, მან სესხის სახით 370 000 ლარზე მეტი აიღო, მათი ნაწილი შეღავათიანი აგროსესხები იყო.
რაც შეეხება, სახელფასო ანაზღაურებას, 10 წელში, გულიაშვილს ქარელის ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 350 000 ლარამდე აქვს მიღებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 10 წელში, მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება 600 000 ლარს აღწევს.