ხაშურის მერია კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ახალ, 2 მილიონიან პროექტს იწყებს.
ეს ის შენობაა, რომლის რეაბილიტაციისთვის 2021 წელს, 500 000 ლარი ხაშურის ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა, თუმცა როგორც მერია ამბობს, უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, ხელახალი პროექტის განხორციელებაა საჭირო.
“ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები “ინშაათ საქართველოს” უნდა შეესრულებინა, თუმცა მან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა რის გამოც ხელშეკრულება შეუჩერდა”, – აცხადებს ხაშურის მერია.
საპროექტო დოკუმენტაციიდან ვიგებთ, რომ ამჯერად შენობის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის დახარჯვა იგეგმება და ამ თანხის ნაწილი დიდწილად იმ კონსტრუქციების დემონტაჯზე დაიხარჯება, რომლებიც წინა პროექტის ფარგლებში მოეწყო.
“უნდა მოხდეს კედლიდან ნალესის,ხის პანელების ,იატაკის, ფანჯრების სახურავზე თუნუქის ფენილის, გათბიბის სისტემის, ხის საფეხურების დემონტაჟი და სხვა”, – ვიგებთ დოკუმენტაციიდან.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების ხარისხზე უშუალოდ პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, ხაშურის მერიას საჯაროდ არ დაუწუწუნია. მეტიც, უწყებამ საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რეაბილიტაციის პროცესი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილზე დაათვალიერა და რომ პროექტი დასასრულს უახლოვდებოდა.
“პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო სცენა, საოპერატორო სივრცე, მოპირკეთდა და შეიღება ჭერი, კედლები, დაიგო დარბაზის იატაკი, მოეწყო სცენაზე, გახმოვანებისა და განათების სისტემები. უახლოეს პერიოდში, იგეგმება სკამების მონტაჟი”, – წერდა ხაშურის მერია.
ხელახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ კი, ცნობილი ხდება, რომ ხაშურის მერია “ინშაათ საქართველოს” სასამართლოში უჩივის და პროექტის პირობების დარღვევის გამო, მის დაჯარიმებას ითხოვს.
“პროექტის ჯამური ღირებულება 900 000 ლარი იყო. გადავუხადეთ 500 000 ლარი, თუმცა რა თანხაც მივეცით, იმაზე მეტი სამუშაო აქვს შესრულებული. საუბარია 204 000 ლარზე, თუმცა ჯერ საქმე სასამართლოშია. მუნიციპალიტეტმა კომპანია დააჯარიმა 401 850 ლარით და როცა მაგ ჯარიმას გადაიხდის, იმ თანხას შემდეგ გადავუხდით”, – გვითხრა ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.
მერიის განცხადების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ჯარიმას გადაიხდის და შემდეგ ბიუჯეტიდან მორჩენილ თანხას მიიღებს, მუნიციპალიტეტს ჩავარდნილი პროექტი 302 150 ლარი დაუჯდება.