კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ინგრევა. შენობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პარტიიის “ლელო” წევრმა, მედეა მეტრეველმა გაავრცელა.
მისი თქმით, მუზეუმს ბოლო რესტავრაცია 15 წლის წინ ჩაუტარდა. მიუხედავად, იმისა რომ შენობა ცუდ მდგომარეობაშია, მას დამთვარიელებელი მაინც ხშირად სტუმრობს.
“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, უკვე ვიზიტორებისთვისაც, მათ შორის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სახლ-მუზეუმს, საშიშროებას წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს დაზიანებული საძირკველი და კედლები. პრობლემა კარგად არის ცნობილი როგორც კულტურის სამინისტროსთვის ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუმცა წლებია ვერ ხერხდება უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლის გადარჩენა, რომელიც ეწირება ხელისუფლების გულგრილობას და არაკომპეტენტურობას”, – ამბობს მედეა მეტრეველი.
სახლ-მუზეუმის გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობს, ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი, თარხუჯ ჯავახიშვილიც.
“ამის შემყურე ადამიანი, ვინ არ უნდა იყოს, როგორ დარჩება გულგრილი. წყენის გრძნობაც არის, რატომ უნდა იყოს ეს შენობა ამ მდგომარეობაში? დღითიდღე გაუარესდება მდგომარეობა, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ სულ დაიშლება, მერე იტყვიან, რა ვქნათ, დაინგრაო”, – ამბობს თარხუჯ ჯავახიშვილი.
ინფორმაციისთვის, მუზეუმი არსებობს 1968 წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელთან დაკავშირებული 379 ექსპონატი