გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციცაგიანთკარში, ნადარბაზევში, ხიდისთავსა და კვარხეთში ამბულატორიების მოწყობისთვის ტენდერი იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა.
ჩამოთვლილი სოფლებიდან, ციცაგიანთკარი ერთადერთია, სადაც ამბულატორიის შენობა არ არის. სწორედ ამიტომ, ამ სოფელში ახალი შენობა უნდა აშენებულიყო, რომელიც 12,315 მ2 -ზე განთავსდება.
“ორი წლის წინაც ამბობდნენ, მშენებლობა დაიწყებაო”, – გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი..
სოფელში ამბულატორიის აშენებისთვის ტენდერი 2 წლის წინაც გამოცხადდა, თუმცა მაშინაც არ შედგა. ამის გამო, უკვე წლებია, ციცაგიანთკარში მცხოვრებლები სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხან მეზობელ სოფელში, ხან კი გორში დადიან.
“ელემენტარული სამედიცინო მომსახურების მისაღებად სხვა სოფელში ან გორში გვიწევს ჩამოსვლა. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემაა ეს საკითხი ჩვენთვის. განსაკუთრებით მოხუცებს უჭირთ, რადგან ხშირად სჭირდებათ ამბულატორიული დახმარება, მიმართვების წერა. ახლა ისეთიც არავინაა, ვინც ექთნის ფუნქციას შეითავსებს”, – ამბობს ლევან ბოლოთაშვილი, ციცაგიანთკარში მცხოვრები.
პრობლემის მოგვარებას მერიამ პირდაპირი შესყიდვით აპირებს – ამბობენ, რომ ამბულატორიის მოსაწყობად მომსახურებად ტენდერის გარეშე შეიძენენ.
“არსებობს რისკი, რომ ახალი ტენდერის შემთხვევაშიც იგივე მოხდეს. მერიამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული მომსახურება პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღოს და წელსვე მოხდეს ამბოლატორიების მოწყობა”, – განაცხადეს გორის მერიაში.
ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 71 430 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხზე ამჯერადაც იგივე ოდენობის თანხას დახარჯავს.