სტატიები

როგორ ხარჯავენ მილიონებს გორის მერიის ა(ა)იპ-ები – ჟურნალისტური გამოძიება

ტენდერი — სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებით ხორციელდება პოტენციურ მიმწოდებელთა მოწვევა წინადადებების წარსადგენად.  გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების ტენდერების სპეციალისტები რამდენიმე კრიტერიუმს გამოყოფენ – დამარცხებული კომპანიის შეთავაზებული ფასი ნაკლებია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საბოლოო ფასზე ან/და ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში.

„ყველაფერი ჩაწყობილია“, „უსამართლოდ მოხდა ჩვენი დისკვალიფიკაცია“, „კორუფციული გარიგებებია“, – ეს იმ კომპანიების შეფასებებია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ტენდერების ნაწილში „ქართული ოცნების“ შემომწირველები იმარჯვებენ, გამარტივებული შესყიდვების მიზნობრიობა არასათანადოდ არის არგუმენტირებული,  ზოგიერთ ტენდერში  კი იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში პროკურატურა უნდა შევიდეს.

„ყველაფერი ჩაწყობილია“

„ჩაწყობილია ყველაფერი, ვისაც უნდათ იმას აძლევენ. პირობებს იმ კომპანიის შესაძლებლობებს არგებენ, ვინც წინასწარ უკვე შერჩეული ყავთ. რა გამჭვირვალეობაზეა საუბარი“, – ამბობს კომპანია „ბემას“ წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ტენდერში მიიღო.

გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მიერ გამოცხადებული ტენდერები არაერთხელ ყოფილა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს განხილვის თემა. ერთ-ერთი ასეთია, შპს „ბემას“ საჩივარი.

შპს „ბემას“ უკმაყოფილება რამდენიმე ფაქტმა გამოიწვია. მისი ხელმძღვანელის, მერაბ მიქაძის განმარტებით, გორის მერიაზე დაქვემდებარებულმა აღნიშნულმა ორგანიზაციამ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. სააგენტომ გამარჯვებულად ის კომპანია გამოაცხადა, რომელიც „ბემასთან“ შედარებით, 900 ლარით მეტად შესთავაზა მომსახურება.

„35 წელია, ამ სფეროში ვარ და არაერთ ტენდერში მიმიღია მონაწილეობა. სპეციალურად მომცა დისკვალიფიკაცია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ. გავასაჩივრე და გაამტყუნეს. კი არ დამირეკეს, რომ ხელახლა მოეცათ საშუალება მიმეღო მონაწილეობა შესყიდვაში, გაამარჯვებინეს ისევ მას, ვინც უნდოდათ. არ ეწერა რომელ საათზე უნდა მიმეტანა ნიმუშები და ეს საკითხი მოიდეს მიზეზად. მე ოქროს ნიმუშებიც რომ მიმეტანა, მაგათ უკვე წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული ყველაფერი. ის ვიღაც მაჟორიტარის კურსელია თუ ბებიაჩემის, მოეთხოვება პასუხი ამ ყველაფერზე როცა იქნება“, – ამბობს მერაბ მიქაძე.

კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ პრივილეგირებული კომპანია ამ დრომდე 228 ტენდერის გამარჯვებულია და 3 მლნ 198 ათას 521 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სახელმწიფო უწყებებისგან. 421 გამარტივებული შესყიდვიდან კი შპს  „უნიფორმა და უსაფრთხოებას“ 414 ათასი ლარი აქვს მიღებული.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს 2018 წლიდან დღემდე 66 ტენდერი აქვს გამოაცხადებული. აქედან 15 მათგანი დასრულდა უარყოფითი შედეგით ან არ შედგა. დავების საბჭოში ა(ა)იპ-ს 2 მა პრეტენდენტმა კომპანიამ უჩივლა, აქედან მხოლოდ შპს „ბემას“ საჩივარი დაკმაყოფილდა.

„ჩაწყობა შეუძლებელია“?

დავების საბჭოში გაასაჩივრა შპს „ტრინოქს ჯეომ“ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის შედეგები. მაია სიფრაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ სააგენტოს მომსახურების გაწევას 109 ათას ლარად სთავაზობდნენ, თუმცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გაცილებით მეტ თანხაზე გაუფორმეს ხელშეკრულება და მისი პირობები განუხილველი დატოვეს.

„ჩვენთვის დისკვალიფიკაცია არ უნდა მოეცათ, მიზეზები ჩვენთვის გაუგებარია, სწორედ ამიტომ გავასაჩივრეთ შედეგები დავების საბჭოში. არც ოქმია ატვირთული, არც არაფერი, ეს ჩვენთვის დისკვალიფიკაციის პირველი შემთხვევაა, ვფიქრობთ არასწორად მოიქცნენ. ტენდერში შეტანილ ყველა პირობას ვაკმაყოფილებდით და აუცილებლად მოვიკითხავთ რატომ მოიქცნენ ასე“, – ამბობს მაია სიფრაშვილი.

სკოლამდელი აღზრის სააგენტოს ტენდერი გაასაჩივრა შპს „28“-მ. მისი ხელმძღვანელი დავით ამირანაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალურმა ა(ა)იპ-მა დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მიანიჭა. კომპანიამ სკოლამდელი აღზრის სააგენტოს ტენდერებში 4-ჯერ მიიღო მონაწილეობა და ყველა შემთხვევა მისი დისკვალიფიკაციით დასრულდა.

„სააგენტომ ყველა ტენდერში დაგვბლოკა. არგუმენტები ჩემთვის გაუგებარია, ტენდერის დოკუმენტაციაში ეს მიზეზები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ასეთი მიდგომები იკვეთება“, – აცხადებს დავით ამირანაშვილი. 

შესყიდვებთან დაკავშირებით გორის მერს ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან შენიშვნები არ აქვს და ამ მიმართულებით, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობით კმაყოფილია. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძველოა, რადგან ელექტრონული ტენდერი გამჭვირვალედ ჩატარებას გულისხმობს და მასში „ჩაწყობა“ შეუძლებელია.

„ტენდერის უპირატესობა ისაა, რომ ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას, ეს იციან პრეტენდენტებმა და ამცირებენ შესყიდვის თანხას, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან შემცირებული თანხებით და ეკონომიებით გამოთავისუფლებული სახსრებით კიდევ სხვა რაღაცების გაკეთების საშუალება გვეძლევა. როდესაც იმარჯვებს კომპანია, რომელიც მომსახურებას ყველაზე ნაკლებ ფასად გვთავაზობს, შემდეგ ხდება საბუთების დაზუსტება. ვინ ჰყავთ სპეციალისტები, საიდან უნდა მოიტანონ მასალა და ა.შ. მთელი რიგი მოთხოვნებია რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ. სწორედ ამ დაზუსტებული დოკუმენტების განხილვის შემდეგ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, იმის მიხედვით ვინ აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს“, – აცხადებს გორის მერი.

2017-2018 წლებში სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერებში ერთი და იგივე კომპანიები ლიდერობდნენ, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. გორის მერიაში კი განმარტავენ, რომ აუდიტის სამსახურის შენიშვნებს (მათ შორის შესყიდვებთან დაკავშირებულს) ზოგიერთ შემთხვევაში არ დაეთანხმნენ და შესაბამისი საპასუხო წერილიც გაუგზავნეს. გორის მუნიციპალიტეტის მერი, რომლის დაქვემდებარებაშიც 11 ა(ა)იპ-ია, აცხადებს, რომ გასულ წლებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ცდილობენ. უკმაყოფილო, დისკვალიფიცირებული კომპანიები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და ზოგიერთი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის შესაძლო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე მიუთითებენ.

3 ამბავი „ჩაწყობაზე“

ამბავი N1 გორის ა(ა)იპ-ებმა 2 წელში 19 422 ლარი „შეჭამეს“

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებმა 2019-2020 წლებში სარესტორნე მომსახურებისთვის 19 422 ლარი დახარჯეს. ყველა გამარტივებული ხელშეკრულება გაფორმებულია ყოფილი მოკრივის გიორგი კანდელაკის კომპანიასთან, შპს „გითანასთან“. კანდელაკი გორში ფლობს რესტორნებს „ჟოზეფი“ და „რანჩო ვარიანში“.

ყველაზე ხშირად სარესტორნე მომსახურებით გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო სარგებლობდა. უწყებამ 2 წელში აღნიშნული მომსახურებით 9-ჯერ ისარგებლა, რისთვისაც  14 625 ლარი დახარჯა.

სარესტორნე მომსახურებით ისარგებლა ასევე გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბმა „გორი“. პანდემიის პერიოდში უწყებამ შპს „გითანას“ 4 ხელშეკრულება გაუფორმა. ჯამში კლუბმა კანდელაკის კომპანიას 1 790 ლარი გადაურიცხა.

სხვა ა(ა)იპ-ებს არ ჩამორჩა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოც. უწყებამ 2019-2020 წლებში მომსახურებით 4-ჯერ ისარგებლა და 3 007 ლარი დახარჯა.

ამბავი N2 ვისგან ყიდულობს ბუნებრივ აირს გორის კეთილმოწყობის სააგენტო და საფეხბურთო კლუბი „გორი“?

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ბუნებრივ აირს და საწვავს კომპანია „გაზ იმპექსისგან“ ყიდულობს. 2018-2020 წლებში უწყებამ აღნიშნულ კომპანიასთან 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ჯამური ღირებულება 201 037 ლარია. რიგ შემთხვევებში, ტენდერები უკონკურენტო გარემოში ტარდებოდა.

შპს „გაზ იმპექსის“ დირექტორი ანდრია ლილუაშვილია, რომელიც 2018 წელს აცხადებდა, რომ 2 პირს მისგან ფულის გამოძალვა სურდა. პოლიციამ ლილუაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით, სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც, ის ადამიანები დააკავეს, რომლებიც ლილუაშვილმა დაასახელა. მაშინ, დაკავებულების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ანდრია ლილუაშვილმა საქმის თავის სასარგებლოდ დასრულებისთვის, სუს-თან კავშირები გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანდრია ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

გრიგოლ ლილუაშვილი მანამდე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკში.

აღსანიშნავია, რომ ანდრია ლილუაშვილის კომპანია, გორში ტენდერებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან იგებს. კეთილმოწყობის სააგენტოს გარდა, აღნიშნულმა კომპანიამ ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბი „გორის“ ტენდერებშიც გაიმარჯვა.

ამბავი N3 ხოჯევანიშვილის კომპანიამ გორის ძაღლთა თავშესაფართან 3 წელში 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა

გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტომ, რომელსაც საზოგადოება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის სახელით იცნობს, გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარის გიორგი ხოჯევანიშვილის კომპანიასთან 3 წლის განმავლობაში 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.

საქმე ეხება კომპანია „გაზლენდს , რომელიც სპეციალური სერვისების სააგენტოს საწვავით წლების განმავლობაში ამარაგებს. ჯამში, 16 გამარტივებული შესყიდვის თანხამ 3 487 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ხოჯევანიშვილი ამ კომპანიის 100%-ს ფლობს, თუმცა წილის მმართველად მას სიმონ ხოჯევანიშვილი ჰყავს დანიშნული.

გარდა, სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოში, საწვავით „გაზლენდი“ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსაც ამარაგებდა. 2016-2018 წლებში სააგენტომ „გაზლენდთან“ ჯამში  46 898 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

როგორ ხარჯავენ ა(ა)იპ-ები ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას?

2018-2020 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებმა ბიუჯეტიდან მიღებული ფულით 2 945-ჯერ მომსახურება პირდაპირი შესით შეისყიდეს, ტენდერი კი მხოლოდ 237-ჯერ გამოაცხადეს. ეს მაშინ, როდესაც კონკრეტული მომსახურების/პროდუქტის შესაძენად ტენდერის გამოცხადება უწყებას თანხის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემდა.

ცხრილი 1:  ა(ა)იპ-ების მიერ 2018-2020 წლებში ელექტრონული ტენდერით შესყიდულ მომსახურებებე დახარჯული თანხის ოდენობა:

ცხრილი 2: ა(ა)იპ-ების მიერ 2018-2020 წლებში გამარტივებული წესით შესყიდულ მომსახურებებზე დახარჯული თანხის ოდენობა:

პირდაპირი წესით შესყიდვებში ლიდერი 3 ა(ა)იპ

ტენდერებში და პირდაპირი წესით განხორციელებულ შესყიდვებში დახარჯული თანხის ოდენობით სამი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ- ებიდან 3 მათგანი ლიდერობს:

  • სკოლამდელი აღზრდის სააგენტო
  • კეთილმოწყობის სააგენტო
  • ტურისმიზა და კულტურის განვითარების სააგენტო

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ ტენდერებში დახარჯულმა თანხამ 3 წელში 7 117 000 ლარი შეადგინა, გამარტივებულ შესყიდვებში კი სააგენტომ 2 000 000 ლარზე მეტი დახარჯა. სააგენტო შესყიდვის ამ ფორმას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის, მაგ: ტენდერი ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად რამდენჯერმე გამოაცხადეს, მაგრამ არ შედგა ან შეწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. 

კეთილმოწყობის სააგენტოს სამი წლის განმავლობაში ტენდერებიდან მიღებული მომსახურებისთვის 968 436 ლარი აქვს დახარჯული, გამარტივებული შესყიდვებისთვის კი – 602 630 ლარი. აღნიშნულმა სააგენტომ 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით 692 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. 

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ 2018 -2020 წლებში 3 ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ერთი არ შედგა. წარმატებით დასრულებული ტენდერებში კი საერთო ჯამში 25 000 ლარამდე დახარჯა. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, სააგენტომ 3 წლის განმავლობაში 914 შესყიდვა განახორციელა და 500 000 ლარზე მეტი დახარჯა.

რა „სარგებელი“ აქვს მომსახურების/პროდუქტის პირდაპირი წესით შესყიდვას?

გამარტივებული იგივე პირდაპირი წესით შესყიდვა გამოიყენება 5 000 ლარამდე ღირებულების საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვისას მაშინ, როდესაც ეს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა,  არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით. აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, ასევე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის, როდესაც გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები.

ვინ როგორ აფასებს თანხების ხარჯვის არსებულ პრაქტიკას?

გამარტივებული წესით ფინანსების ხარჯვის პრაქტიკაზე და თანმდევ რისკებზე ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი საუბრობს, მისი თქმით გორის ა(ა)იპ – ებში კორუფციული მმართველობაა, ისინი ფორმალურადაც კი აღარ ატარებენ ტენდერებს, ისე აფორმებენ გამარტივებულ შესყიდვებს.

“ბიუჯეტი მტკიცდება წლის  ბოლოს, 45 დღით ადრე და მთელი წლის შესყიდვები უნდა იყოს წინასწარ გაწერილი. ჩვენი სიღატაკე  საჯარო სექტორში არსებული კორუფციული სქემის პირდაპირ პროპორციულია, ზუსტად ამ ჩაწყობილი ტენდერებით. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს უკვე მყარად ჩამოყალიბებული ტენდენციაა. რომელიც მოიტანა ამ  ხელისუფლებამ. ამ სქემებს ეწირება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი“, – ამბობს თამარ ედიშერაშვილი.

ის  მუნიციპალური ა(ა)იპ-ები კი, რომლებმაც ბოლო წლებში ყველაზე მეტი პირდაპირი შესყიდვა განახორციელეს, ამბობენ, რომ ამით დროს ზოგავდნენ. 

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ ბაზარს იკვლევენ, ხოლო გამარტივებული შესყიდვით დროს ზოგავენ.

“გამარტივებული შესყიდვა ხდება ხოლმე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ასე მოხდა პანდემიის დროს, სამ კვირაში და ერთ თვეში ტენდერი ვერ ესწრება, ამას მეტი დრო სჭირდება. გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში სააგენტო ზოგავს დროს, ვაწარმოებთ ბაზრის კვლევას, კომპანიამ ის მახასიათებლები უნდა დააკმაყოფილოს რაც ჩვენ გვაქვს და ფასი უნდა შემოგვთავაზოს მისაღები“, – ამბობს ლია კოვზიაშვილი

ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის გიორგი ქვათაძის თქმით, სააგენტო დაბალ თანხებზე ტენდერს ვერ აცხადებს, ამიტომ გამარტივებული წესით ხდება შესყიდვა.


“100 ლარზე და 20 ლარზე როგორ გამოვაცხადოთ ტენდერი?! გამარტივებულ შესყიდვას ვაფორმებთ მომღერლების შემთხვევაში, აქ ტენდერს ვერ გამოვაცხადებთ და ვერ იტყვი, რომ ამის სიმღერა იმღეროს ამან, ვაწარმოებთ ბაზრის კვლევას, მივდივართ სხვადასხვა ობიექტებზე, ვთხოვთ ინვოისს და სადაც დაბალი ფასია, იმასთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას“, – თქვა გიორგი ქვათაძემ.

რატომ და როგორ უნდა შეიცვალოს ა(ა)იპ – ებში თანხების ხარჯვის პრაქტიკა?

არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციას“ ხელმძღვანელი ქეთევან ენუქიძე ფიქრობს, რომ ყველა პროდუქტი თუ მომსახურება ა(ა)იპ-ებმა ტენდერით უნდა შეისყიდონ, სადაც კონკურენციის ყველა პირობა იქნება დაცული.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ტენდერი არის კონკურენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს არის რეკომენდაცია საერთაშორისო საზოგადოების, რომლის ცივილიზებულ წევრადაც ჩვენ გვაქვს პატივი და ამბიცია ვითვლებოდეთ. კონკურენცია სადაც არ არის, იქ არ არის დემოკრატია“, – ამბობს ქეთი ენუქიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის იურისტის ლექსო მერებაშვილის თქმით, ა(ა)იპ-ებმა შესყიდვების კანონის მიზნებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ, ეს მიზნებია: საბიუჯეტო სახსრებისა რაციონალური ხარჯვა  და კონკურენციის განვითარება.

“გამარტივებულ შესყიდვას ითვალისწინებს კანონი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელმძღვანელის ნება სურვილის მიხედვით უნდა მოხდეს ამ შესყიდვის განხორციელება.  5 000 ლარამდე მონეტალური ზღვრის დაცვა არ ნიშნავს  იმას, რომ მათ არ აქვთ უფლება ტენდერი გამოაცხადონ. საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის  მიზნით კარგი იქნება, რომ მხოლოდ ასე ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ სიტყვა სიტყვით გაგებით არ იქნას კანონი გამოყენებული“, – ამბობს მერებაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ა(ა)იპ – ებმა პირდაპირი შესყიდვით გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ისარგებლონ და ამას სისტემატიური სახე არ უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტი როგორც შიდა ასევე სახელმწიფო აუდიტმა უნდა გამოიკვლიოს. 

“ა(ა)იპ – ებმა უნდა ისწავლონ თავისი საქმიანობის სწორი დაგეგმარება, მაგის მიხედვით წინასწარ გააკეთონ ყველა ის შესყიდვა, რაც წლის განმავლობაში დასჭირდებათ. პირდაპირი  შესყიდვა შეიძლება იყოს გამონაკლისის შემთხვევაში და არა სისტემატურად. ეს  არის პრობლემა რომელზეც აუდიტის სამსახურიც უნდა დაინტერესდეს. ეს არის საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან ა(ა)იპ-ები ხარჯავენ მუნიციპალიტეტის დაფინანსებას“, – ამბობს ბებიაშვილი.

ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა ჩართულობა არჩევნებში - ჟურნალისტური გამოძიება
ამავე თემაზე: გორის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის ხარვეზები - ჟურნალისტური გამოძიება
ამავე თემაზე: ჯუფდებადობის კანონის მაგალითი - ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია გორში

მასალა მომზადებულია პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის”.

პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” “ევროპის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.