ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში მოქალაქეებს გზების მოწესრიგება სურთ – ამის შესახებ “მოზაიკას” აგარის მაჟორიტარი დეპუტატი მურთაზ ცისკაძე ესაუბრა.
როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გვიყვება, გზები 2020 წელს, წყლის სისტემის მოწყობის დროს გადათხარეს და მოსაწესრიგებელი დატოვეს.
“2020 წელს სოფელ ქვენატკოცაში მოხდა წყლის მილების სისტემის შეცვლა, რა დროსაც ქუჩები გადაითხარა და აგერ მესამე წელია, უკვე ეს ქუჩები ისევ იმ მდგომარეობაშია, გადათხრილია დატოვებული”, – გვითხრა ცისკაძემ.
მისივე თქმით, გზების მოწესრიგების პასუხისმგებლობას ქარელის მერია წყლის კომპანიას აკისრებს.
“მე როდესაც მოვიკითხე ეს საკითხი, მითხრეს, რომ კომპანიამ, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, ვალდებული იყო, მისივე გაფუჭებული გზა მოეწესრიგებინა, ანუ ის ორმოულები ამოევსო. მაგათი შემყურე მერიაც არ აკეთებს”, – ამბობს ცისკაძე.
“მოზაიკა” საკითხის გასარკვევად ქარელის მერიასაც დაუკავშირდა. მერის მოადგილე ნათია მაწონაძე ამბობს, რომ პრობლემაზე რეაგირებას ისინი წყლის კომპანიისგან ელოდებიან.
“კომპანიასთან, რომელმაც სამუშაოები შეასრულა აღნიშნული გზის მონაკვეთზე, გაგზავნილი გვაქვს წერილი და ველოდებით შესაბამის რეაგირებას მათი მხრიდან”, – ამბობს ნათია მაწონაძე.
რაც შეეხება წყალმომარეგებლის კომპანიას, შიდა ქართლის ფილიალის უფროსი ამბობს, რომ დაზიანებული გზების შესაკეტებლად მათ კომპანია უკვე დაიქირავეს.
“დადებულია ხელშეკრულება ერთ-ერთ კომპანიასთან და უახლოეს პერიოდში დაიწყება დაზიანებული ადგილების შეკეთება, არამარტო ქვენატკოცაში, არამედ გორში, ხაშურში, ქარელში, სადაც წყლის მილების გაყვანა მოხდა და სადაც გზა დაზიანდა”, – გვითხრა კოტე თავზარაშვილმა.
მისივე თქმით, კონტრაქტორი კომპანია თუ სამუშაოებს დროულად არ შეასრულებს, ის დაჯარიმდება.