სტატიები

მოქალაქეები ავარიული ხიდით სარგებლობენ – ხაშურის მერია ვერც მათ აკავებს და ვერც ხიდის რეაბილიტაციას იწყებს 

მოქალაქეები ავარიული ხიდით სარგებლობას განაგრძობენ. საუბარია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებთან დამაკავშირებელ ხიდზე, რომლის ჩახერგვა მერიამ განცხადებით, ბეტონის ბორდიურით და მიწაყრილით უშედეგოდ სცადა. 

“როგორც ფოტოებიდანაც ხედავთ, ბორდიური ადგილზე აღარ დგას. მოსწორებულია მიწაყრილიც, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ მოქალაქეები თვითნებურად აგრძელებენ ხიდის გამოყენებას”, – წერს ხაშურის მერია და ვითარების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ხიდის ავარიული მდგომარეობის შესახებ მერიამ განცხადება პირველად 27 მარტს გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ ხიდით აღარ ესარგებლათ. 

ამავე თემაზე: ხაშურის მერია: ხალებთან დამაკავშირებელი ხიდით სარგებლობა აიკრძალა 

მას შემდეგ, თითქმის ერთი თვე გავიდა და ამ დროის განმავლობაში, უწყება თითქმის ყოველკვირეულად ავრცელებს განცხადებას, რომ მოქალაქეები ხიდით სარგებლობას კვლავ განაგრძობენ. 

მოქალაქეთა ნაწილი ხელისუფლების მიდგომით უკმაყოფილოა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას, მოქალაქეებზე ზრუნვის მიზნით, დამატებითი ზომების მიღებას სთხოვენ.

“ბორდიულის ჩადება ზომების მიღება არ არის ან პოლიციის ეკიპაჟები ჩააყენეთ აღნიშნულ ხიდთან ან აიპ-ის თანამშრომლები, რომ არ მისცენ გადაადგილების საშუალება”.

“თავში და ბოლოში რკინის ღობე დააყენეთ”

“თავბოლოში აყარეთ 2-3 მეტრი და ვეღარ გავა ვერავინ”.

მერიის წერილობითი განცხადებების პასუხად, ისმის მოქალაქეთა უკმაყოფილებაც – ისინი ხელისუფლებას ხიდის დროულად რეაბილიტაციას სთხოვენ. 

ამ საკითხზე “მოზაიკა” ხაშურის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, ამ დრომდე არ იციან, რამდენად ექვემდებარება ხიდი რეაბილიტაციას. 

შეგახსენებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური პირველი დასკვნის საფუძველზე მდინარე მტკვარზე, სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიული მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია კატეგორიულად აკრძალულია

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი