ავტორი: ლიზა ყაზიშვილი, მასწავლებელი
ალბათ ყველა პედაგოგი დამეთანხმება იმაში, რომ აქტიური საგაკვეთილო პროცესისთვის აქტივობების მრავალფეროვნება აუცილებელია . სამუშაო პროცესში სულ ვცდილობ სხვადასხვა მეთოდი და აქტივობა გამოვიყენო. ერთ-ერთი მეთოდი, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ, ინტეგრირებული გაკვეთილია.
წლების წინ, სიჩქარე უნდა ამეხსნა ბავშვებისთვის და ღია სივრცეში გადაწყვიტე გაკვეთილის ჩატარება, რათა ბავშვებს საკუთარი სიჩქარე თავად გამოეთვალათ. ეზოში სპორტის გაკვეთილი ტარდებოდა, ყველა დაინტერესდა ჩვენი აქტივობებით და სპორტის მასწავლებლის დახმარებით , ძალიან აქტიური და საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა. მას შემდეგ ბავშვებს, სიჩქარის გამოთვლას სპორტთან ინტეგრირებით ვასწავლი ხოლმე.
ახლა ინტეგრირებული გაკვეთილები ძალიან პრიორიტეტული გახდა, ბევრი ინფორმაციაც საკმარისი გვაქვს, კათედრები ერთად ვგეგმავთ და ვატარებთ ხოლმე სემესტრულად. ამ ბლოგით გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას და გამიხარდება თუ მოწოდებული ინფორმაცია დამწყებ მასწავლებლებს მაინც წაადგებათ. რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი? ინტეგრაცია არის ცალკეული ელემენტების გაერთიანებისა და კოორდინირების პროცესი. შესაბამისად, პედაგოგებისთვისაც ინტეგრირებული გაკვეთილი მოიაზრებს სასწავლო მეთოდს, როდესაც ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის გაერთიანება იგეგმება და მასწავლებლები ამ გაკვეთილს გეგმავენ და ატარებენ ერთობლივად.
გეტყვით, რომ ასეთი კოლაბორაციული ტიპის გაკვეთილი ძალიან ეფექტურია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას, ეხმარება მათ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ტრანსფერში და გარდაქმნის დინამიკურ და ფუნქციურ ცოდნად, რაც მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მიზანიცაა.
რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას?
- სწორად შეარჩიონ გაკვეთილის თემა – ამისთვის პედაგოგებმა უნდა გადახედონ ერთმანეთის საგნის სტანდარტებს და შეარჩიონ ის თემა, რომელიც მისცემთ კოლაბორაციის შესაძლებლობას;
- წინასწარ გააცნონ მოსწავლეებს ინფორმაცია – გაკვეთილის ჩატარების პერიოდისთვის ორივე საგანში მათ წინასწარ უნდა იცოდნენ განსახილველი საკითხები.
- გაკვეთილი მასწავლებლების თანაბარი მონაწილეობით უნდა დაგეგმონ – თუ მხოლოდ ერთი პედაგოგი აქტიურობს და მეორე უბრალოდ ასრულებს მის მითითებებს, ეს ვერ ჩაითვლება ინტეგრირებულ გაკვეთილად და შესაბამისად, შედეგიც არ იქნება სახარბიელო.
- შერჩეული აქტივობები უნდა იყოს შემოქმედებითი და ინტეგრირებული – თუ აქტივობები არ იქნება ეფექტური, რაც არ უნდა საინტერესოდ გამოიყურებოდეს თემა, მოსწავლეებს ვერ დავაინტერესებთ.
- არ გამოგრჩეთ მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები – პედაგოგებმა უნდა უზრუნველყონ თანაბარ შესაძლებლობებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის შექმნა, ამისთვის მათ უნდა იცოდნენ ვის რა შესაძლებლობები, სურვილები და ინტერესები აქვს.
რა უნდა იყოს ასახული გეგმაში?
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად რამდენიმე ეტაპის გავლა გვიწევს მასწავლებლებს, ერთ-ერთი კი სწორედ გაკვეთილის გეგმის შემუშავებაა საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმისაც. ამ ეტაპზე კოლეგები ერთად ვმუშაობთ და მხოლოდ დასრულებული, სრულყოფილი გეგმის შემუშავების შემდეგ ვგეგმავთ ჩატარების თარიღს.
გაკვეთილის გეგმაში სტანდარტულად უნდა იყოს ასახული, აქვე გეტყვით რა უნდა იყოს გეგმაში:
- გაკვეთილის თემა;
- გაკვეთილის მიზანი;
- მისაღწევი შედეგები;
- მეთოდები;
- აქტივობები;
- რესურსები;
- დრო;
- შეფასების რუბრიკა;
რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?
ორ მთავარ შეცდომაზე გავამახვილებ ყურადღებას:
- არათანაბრად გადანაწილებული აქტივობები. ხშირ შემთხვევაში გაკვეთილის ჩატარების ინიციატორი ერთ-ერთი მასწავლებელია ხოლმე. ინიციატორმა უნდა იზრუნოს იმაზე რომ კოლეგას გაუჩინოს მოტივაცია და თანაბრად გაინაწილონ აქტივობები. არათანაბრად განაწილების შემთხვევაში მოსწავლეებში ჩნდება განცდა თითქოს ის საგანი რომელშიც ნაკლები აქტივობა იყო დაგეგმილი მეორეხარისხოვანია და ამით შესაძლოა იმ საგნის სწავლების პროცესი დავაზარალოთ კიდეც.
- დროის მენეჯმენტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები ბევრად უფრო აქტიურები არიან ვიდრე სტანდარტულ გაკვეთილზე, რადგან ერთ საგანში პასიური მოსწავლე , შესაძლოა მეორე საგანში ყველაზე აქტიური იყოს. შესაბამისად დროის დაგეგმვისას ეს უნდა გავითვალისწინოთ და აქტივობების რაოდენობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ინტეგრირებული გაკვეთილი ორ გაკვეთილადაც კი ჩავატაროთ.