ავტორი: ხატია ხაბაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ახალგაზრდულ სფეროში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად უამრავ სკოლის მოსწავლესთან და სტუდენტთან მაქვს კომუნიკაცია. ახალგაზრდებს პირადად ვხვდები და ვაცნობ როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ვცდილობ დავეხმარო პროფესიის სწორად არჩევაში. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მარტივია იმ პრობლემების განსაზღვრა, რომლის წინაშეც ახალგაზრდები პროფესიის არჩევის დროს, ან არჩევის შემდეგ დგებიან.
პროფესიის სწორად არჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამავდროულად, რთული პროცესია. რატომ?
იმიტომ, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს სიღრმისეული ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს თითოეული პროფესია. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდებში, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ მხოლოდ მეგობრების, ოჯახის წევრებისა და შორეული ნათესავების რჩევების საფუძველზე იღებენ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებას.
წლების განმავლობაში, სწავლობენ იმ საკითხებს, რაც მათთვის არც ისე საინტერესოა, თუმცა თავს ვალდებულად თვლიან დაეუფლონ კონკრეტულ პროფესიას, რათა ოჯახის წევრების იმედები გაამართლონ.
საბოლოოდ, შედეგად ვიღებთ დემოტივირებულ და რუტინულ სამუშაოში ჩართულ ახალგაზრდებს, რომლებიც კონკრეტულ ადგილას მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ, მათი პროდუქტიულობა კი უკვალოდ ქრება.
მოზარდობის ასაკში, ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევანის გაკეთება უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის.
საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება ბევრად უფრო პრესტიჟული და ღირებულია, ვიდრე პროფესიული განათლება. აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარეობს.
სინამდვილეში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, დასაქმების ბაზარზე, ცალსახად, შეინიშნება პროფესიული განათლებისადმი მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი. საბედნიეროდ, ამ საკითხის შესახებ საზოგადოების ცნობიერებამ ბოლო წლებში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა, რასაც ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც: 2020 წელს პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა 9399 – მა სტუდენტმა, ხოლო 2022 წელს 14103-მა სტუდენტმა.
პირადად ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლების გარდა, საფინანსო სერვისების მიმართულებით პროფესიული განათლებაც მივიღე. სწავლება იყო სრულად პრაქტიკასა და ხარისხზე ორიენტირებული, რაც ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის რეალიზებაში. ამიტომ, ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ პროფესიული განათლება დღეს უმნიშვნელოვანესია.
როგორ შეგვიძლია ახალგაზრდებს დავეხმაროთ პროფესიის სწორად არჩევაში და როგორ გავხადოთ მათი პროფესიული არჩევანი მეტად ინფორმირებული?
პირველი მექანიზმი, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად უნდა ამუშავდეს საქართველოს განათლების სამინისტროს ჩართულობა და სისტემის გაუმჯობესებაა, ხოლო ამ მწვავე პრობლემის მთავარი კერა სკოლაა, რადგან მოზარდები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წლებს სწორედ იქ ატარებენ.
სამწუხაროდ, დღესდღეობით, სკოლებში არ ისწავლება პროფორიენტაციის სასწავლო კურსი და ბავშვებმა არ იციან რას გულისხმობს კონკრეტული პროფესიები, ამიტომ, მათი არჩევანი ხშირად, გაუაზრებელია. შესაბამისად მნიშვნელოვანია სკოლებში ამ სასწავლო კურსის დანერგვა, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების აქტიური მუშაობა ახალგაზრდებთან. მაგალითად, ჩვენი რეგიონის შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ყოველდღიურად უამრავ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, მიიღონ რაც შეიძლება მეტი სწორი ინფორმაცია, ვიდრე პროფესიას საბოლოოდ აირჩევენ.
ჩემი დიდი სურვილია, ყველა ადამიანმა აირჩიოს ის პროფესია და სასწავლო დაწესებულება, რომელიც საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მისცემს. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, არ გავხდეთ რუტინის ნაწილი და ჩვენი საქმიანობის ყოველი წუთით ვისიამოვნოთ.
რას ვურჩევდი ახალგაზრდებს?
და ბოლოს, ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევის დროს კარგად დაფიქრდნენ, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი თუნდაც იურისტის, ექიმის, მასწავლებლის ან სულაც პროგრამისტის, მექანიკოსის ამპლუაში, რამდენად დიდ ბედნიერებას მიანიჭებთ საკუთარი პროფესიული საქმიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
თუმცა, ისიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიის შეცვლა ან ახალი პროფესიის დაუფლება არასდროს არის გვიანი. მიზნის მისაღწევად, აუცილებელია მხოლოდ მონდომება და შრომისმოყვარეობა. მთავარია, არ დავრჩეთ კომფორტის ზონაში და არასდროს შევწყვიტოთ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების ძიება.