ყველაზე დიდ სტიმულს დედა მაძლევდა, უბრალო ბავშვურ ნახატსაც კი მიქებდა და ამაყობდა ჩემი შემოქმედებით, ახარებდა ყველა სტატია რაც ჩემზე იწერებოდა და მინდა ესეც დედას ეძღვნებოდეს, იმედია ცაში გაეხარდება, – ასე იწყებს საკუთარი ისტორიის თხრობას თვითნასწავლი მხატვარი თეა ნოზაძე, რომელიც ხატვის პარალელურად, ლექსებსაც წერს.
თეამ თბილისის სასულიერი სემინარიაში ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა დაამთავრა. ამბობს, რომ იზიდავს ფილოსოფიური თემები, რაც მის შემოქმედებაშიც აისახება. ხატვა პასტელით და გუაშის საღებავებით დაიწყო, ახლა კი ტილოზე ზეთის საღებავით ქმნის ნამუშევრებს.
“ბავშვობა ძამას ხეობაში გავატარე, მისი საოცარი გარემო და ბუნების იდუმალება დიდ როლს თამაშობდა შემოქმედებითი სამყაროს განვითარებაში, ბუნებისა და საკუთარი თავის შეცნობის პროცესში. იმ გარემოში უფრო მძაფრად ვითარდები, სადაც უფლისმიერი ქმნილებები თითქმის ხელუხლებელ სახეს ატარებენ. როდესაც მეკითხებოდნენ, თუ რა მინდოდა გამოვსულიყავი, ვპასუხობდი – მხატვარი. მართალია, პროფესიად არ ამირჩევია, თუმცა ჩემთვის შემოქმედება უფრო მეტია, ვიდრე პროფესია. ბავშვობიდან მაქვს განცდა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრების ბოლომდე შემოქმედად უნდა დავრჩე”,- გვიყვება თეა.
თეა ამბობს რომ მუდმივად ძიების პროცესშია, ამიტომ მხატვრობაში ერთი კონკრეტული მიმარულება არ აქვს.
“ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ და განვიცდი. თუ გინდა რაიმე შაბლონს ან კონკრეტულ სტილს მოერგო, უკვე აღარ ხარ თავისუფალი ხელოვანი. ხელოვნებას უნდა ქმნიდეს არა ახალი ტექნიკური მიღწევებისკენ სწრაფვა, არამედ ახალი ემოციები და სულიერი განვითარება. ვცდილობ, მუდმივ ძიების პროცესში ვიყო. მთავარი რაც მინდა, რომ ჩემს მხატვრობაში იგრძნობოდეს ის სათნოებები და სიყვარულია, რაც ძალიან გვაკლია და მუდმივად უნდა ვცდილობდეთ საღვთო სრულყოფილებისკენ ლტოლვას. ვფიქრობ, რისკენაც მივისწრაფვით ქვეცნობიერით, იმას ასახავს ჩვენი ნაშრომი. ნამდვილი ხელოვნება იქმნება სულიერი ვნებისა და საკუთარ თავთან ბრძოლის პროცესში”, – აღნიშნავს თეა.
თეას დასურათებული აქვს სხვადასხვა ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები. მისმა ნამუშევრებმა გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე დაიმარჯვა
“დასურათებული მაქვს არაერთი ცნობილი ქართველი პოეტის ლექსი, განსაკუთრებული როლი კი გალაკტიონს უჭირავს. ხშირად ვასურათებ ჩემსავე ლექსებს, ან ლექსს ვუძღვნი ნამუშევრებს. გერმანიის ქალაქ ერკნერში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გაიმარჯვა ჩემმა ნამუშევარმა, სადაც მივიღე “ხელოვნების ახალგაზრდობის პრიზი”. გამოფენაზე ჩემი სამი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი “მებრძოლი ქალი”, “ხელოვნება სიზიპეს ლოდი”, და შექსპირის 66-ე სონეტის დასურათება “ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა”,- გვიყვება თეა.
თეას მოწყობილი აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა. მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უნდა სამხატვრო გალერეა ჰქონდეს, სადაც მოსწავლებს საკუთარ ცოდნას გაუზიარებს.