ბლოგები

რა როლს ასრულებს არასამთავრობო სექტორი  ახალგაზრდების გაძლიერებაში?

ავტორი: სალომე ნონიაშვილი

ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია მულტიკულტურულ და მრავალი შესაძლებლობების მქონე გარემოში გაზრდა, რათა გამოიმუშაონ ის საჭირო უნარები, რაც შემდეგომ დასაქმებასა და თავის მაკვიდრებაში დაეხმარებათ.

სამწუხაროდ, სკოლას არ შეუძლია ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, რადგანაც მისი პრიორიტეტი ფორმალური განათლებაა. შესაბამისად, სასკოლო ცხოვრებაში არაფორმალურ განათლებას ნაკლები ყურადღება ექცევა. ამიტომაც ქვეყანაში არაფორმალური განათლების გავრცელება ამ დრომდე არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მათი პროექტები ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობებით ამარაგებს და ე.წ რბილი უნარების გამომუშავებაში ეხმარება.

სკოლასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები ახალგაზრდას  აყალიბებს ფართო თვალსაწიერის მქონე, დამოუკიდებელ ადამიანად, რომელსაც შეუძლია თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და წარმართოს თავისი ცხოვრება მისივე ნებით.

თავად მე, ხშირად ვყოფილვარ მონაწილეს სტატუსით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროექტებსა თუ ბანაკებში და თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ ამ გამოცდილებებმა უფრო ჩამოყალიბებულ და გათვითცნობიერებულ ადამიანად მაქცია. საშუალება მომეცა, მეტი ადამიანი გამეცნო და შესანიშნავი მეგობრები გამეჩინა.

დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდას სურს საზღვარგარეთ სწავლა და თუნდაც “ერასმუს+”-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. ამ ყველაფრის მიღწევაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.

სწორედ ისინი ეხმარებიან ახალგაზრდებს იმ ცოდნის და გამოცდილების დაგროვებაში, რომლებიც მსგავს გაცვლით პროგრამებში წარმატებით მონაწილეობისთვის არის საჭირო. თავადაც ვიყავი  გაცვლითი პროგრამით წასული საზღვარგარეთ და ეს მოხდა ისევ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია იმის თქმაც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი როლი აქვთ ახალგაზრდების სრულყოფილ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. 

ასეთ ორგანიზაციებს ხელი არ უნდა შეეშალოთ საქმიანობაში, მითუმეტეს, არ უნდა დაერქვათ მათთვის შეურაცხმყოფელი სახელი, რადგანაც უამრავი ახალგაზრდა დამერწმუნება, რომ ეს სექტორი მნიშვნელოვნად უდგას მხარში სახელმწიფოს, ქვეყნის გაძლიერებაში და  ევროპული გზის მშენებლობაში. 

დატოვეთ კომენტარი