სტატიები

რა მოხდა სადგურის დასახლებაში – ფაქტები და ვერსიები სროლის ადგილიდან

დღეს სროლა იყო გორში, სადგურის დასახლებაში, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთიც დაიჭრა. 

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული დახვდათ, თუმცა ადგილზე  20-ზე მეტი ტყვიის მასრის დაფიქსირება მაინც შეძლეს. 

მედიასთან მომხდარზე საჯაროდ საუბარს ადგილობრივები ერიდებოდნენ, თუმცა როგორც “მოზაიკას” უთხრეს, გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია. ამავე ასაკისაა სროლის შედეგად დაშავებულიც. 

“აქაურები იყვნენ. სკოლაც ამ უბანში დაამთავრეს. თავიდან ორივე დაჭრილი იყო, თუმცა ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

სამართალდამცველები სადგურის დასახლებაში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ, თუმცა მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, 

დაპირისპირების ოფიციალური ვერსიაც ამ დრომდე არ გაჟღერებულა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მხარეებს შორის დაპირისპირების საკითხი ფინანსები იყო. 

“როგორც ამბობენ, ესენი [დაღუპული და დაშავებული] ფულს აწერდნენ. ვინც ესროლა, ისინი მშრომელი ბიჭები არიან, ასე ამბობენ აქ. მანქანაში ჩაუცხრილიათ”, – უთხრეს “მოზაიკას”.

ადგილობრივები გარდაცვლილის და დაშავებულის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირზეც საუბრობენ. ასევე ამბობენ, რომ ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.