სტატიები

ზრუნვა კულტურასა და ტრადიციებზე – რაში და როგორ დაეხმარა ევროკავშირი გორს?

პროექტები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ ანგარიშებში ხშირად ახენებს, გორში ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. საუბარია 958 836 ევროს ოდენობის გრანტზე, რომლითაც გორის მერიას ქალაქის ცენტრის მოწესრიგების, განახლების და განვითარების შესაძლებლობა მიეცა. 

ლომჭაბუკის მონუმენტის და სკვერის რეაბილიტაცია, იქვე მდებარე საგამოფენო სივრცის აღდგენა და მოწყობა, ველო ბოლიკების დახაზვა, ტურიზმის ცენტრის აშენება, საპირფარეშოების თუ ავტო პარკინგის მოწყობა გორის მერიამ სწორედ ევროკავირის თანადაფინანსებით შეძლო. 

“ევროკავშირის გრანტი ორგანიზაციას დაგვეხმარა შეგვექმნა რეგიონში თავისუფალი, პროფესიულ და შემოქმედებით ზრდაზე ორიენტირებული სივრცე, გარემო, რომელსაც ანალოგი არ აქვს”, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

სივრცეს, რომელზეც ოთო საუბრობს, მოქალაქეები “ხელოვნების სახლის” სახელით იცნობენ. ამ სივრცეში უკვე არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება მოეწყო. 

“პირველად რეგიონში შეიქმნა მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, რომელმაც ორი წლის მანძილზე 10-ზე მეტ გამოფენას უმასპინძლა. ამ დროში, გამოიცა 3 ფოტო წიგნი და შეიქმნა საგანმანათლებლო-სატრენინგო სივრცე. ევროკავშირის გრანტით განხორციელებულმა აქტივობებმა შექმნა საშუალება კულტურის დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების”, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

ევროკავშირის გრანტმა განვითარების შესაძლებლობა მისცა ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც, სადაც პროექტის ფარგლებში სახელოსნოები, ტრადიციული რეწვისა და კულინარიის სივრცეები მოეწყო. 

“ეს პროექტი, თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუზეუმისთვის. აქ იქნება ღვინის დეგუსტაცია, ტრადიციული რეწვა, ტურისტი უშუალოდ გახდება მონაწილე ამ პროცესებისა, რასაც ნახავს მუზეუმში, იმისი დათვალიერება შეეძლება ადგილზე. ეს გარკვეულ შემოსავალს მოიტანს, მუზეუმის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ა.შ.”, – გვითხრა გვითხრა სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელმა.

თამილა კოშორიძის  თქმით, მუზეუმის განვითარებაში საერთაშორისო დონორების წვლილი სხვა მიმართულებიც მნიშვნელოვანია. 

“უცხოური გრანტებით ხშირად ხელს გვიწყობს მუზეუმის განვითარებაში, ექსპოზიციებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ასევე პროფესიულ განვითარებაში”, –  ამბობს თამილა კოშორიძე.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსება გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც მოეწყო. სწორედ ამ პროექტით რეაბილიტირდა გორის ციხესთან მისასვლელი ძირითადი ბილიკი. ამ თანხით რუსთაველის მემორიალისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციაც მოხდა. 

ამ პროექტის დაფინანსება დღემდე იმ ა(ა)იპ-ის მთავარ მიღწევად ითვლება, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების მიზნით დააფუძნა. საუბარია სტრატეგიული განვითარების სააგენტოზე, რომლის თანამშრომელთა ნაწილის მოვალეობად დღემდე რჩება საერთაშორისო გრანტების მოპოვებაზე ზრუნვა. 

აღსანიშნავია, რომ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ მომზადებული კანონპროექტი ასეთ ა(ა)იპ-ებს არ ეხებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობის ეფექტურობის ერთ-ერთი საზომი, NGO სექტორის მსგავსად, სწორედ საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსებული პროექტების ოდენობაა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.