ბლოგები

რას ნიშნავს, იყო ემიგრანტი?

ავტორი: დარეჯან როსტომაშვილი, 36 წლის


იყო ემიგრანტი, ნიშნავს საკუთარ თავს თავად გამოუტანო სასჯელი. ეს ნიშნავს იმას, რომ გტკივა, გცივა, თუ გენატრება, არ გაქვს უფლება მოიწყინო, უნდა მოირგო ნიღაბი ბედნიერი ღიმილის. არავის სჭირდება შენი პრობლემა, იმტომ, რომ გიხდიან.

ვისაც ეს არ გამოუცდია, იოლი სალაპარაკოა მათთვის. შენს ნებაზე არაფრის უფლება არ გაქვს – საკუთარ ოჯახს ვერ ესაუბრები გაბედულად, იმიტომ, რომ გიხდიან. არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, როგორც შენ გინდა, იმიტომ რომ გიხდიან.

არ ვიცი, როდის ჩამოვალ. ბევრჯერ მიფიქრია არჩევანზე – ჩემს შვილებთან ვიყო და აკლდეთ ყველაფერი, თუ ამ სასჯელს წლები გავუძლო და ჰქონდეთ ყველაფერი.

იოლი სათქმელია სხვებისთვის, ბრძნულ აზრებს რომ წამში შემოგთავაზებენ.


ერთ დღეს ხვდები, რომ გაფრინდა წლები. არ გეცინება, მაგრამ არ გაქვს უფლება, იტირო. საწყენია, რომ მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ემიგრანტი, როდესაც დახმარება სჭირდებათ.

დააფასეთ ემიგრანტი ქალები!

ჩვენ ვართ დღევანდელი რეალობის გმირები, რადგან ჩვენს მხრებზე დგას ჩვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა. რომ არა ემიგრანტი, საქართველოს ეკონომიკა სამუდამოდ გაითიშებოდა.

არ მაქვს ამბიცია, ხოტბა მასხათ. უბრალოდ დააფასეთ საკუთარი დედები, დები, ცოლები, ვინც ამ სასჯელს გმირულად ვუძლებთ. გულით მოგვიკითხეთ, გვაგრძნობინეთ, რომ მთელი გულით გიყვარვართ და მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის გამო არა. ეს გვაძლევს ძალას, იმედს რომ ვიბრძოლოთ. ყველას გეფერებით, ჩემო ემიგრანტებო, ამ სიტყვებით. ძალიან მიყვარხართ ჩემთვის ყველაზე დაუფასებელი გმირები ხართ!


სამწუხაროდ, ბავშვების სწავლა-განათლებაში ვერ ვარ აქტიურად ჩართული. მხოლოდ ყოველ დღე ვესაუბრები, – გთხოვთ, დედა თუ გიყვართ, მხოლოდ ისწავლეთ-მეთქი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვიცი. ამაში მთლიანად დედაჩემია ჩართული, მისი ამაგი შეუფასებელია.


ერთი იცოდეთ, ემიგრანტი დედის ყველაზე დიდი ოცნებაა, შვილებთან იყოს. ვისაც ეს არ გამოუცდია, მისთვის იოლი განსასჯელია, მაგრამ მხოლოდ მათ ესმით, ვისაც ეს გზა უკვე გავლილი აქვთ. ეს არის უვადო პატიმრობა და გაფრენილი წლები.

დატოვეთ კომენტარი