ბლოგები

როგორ და რატომ დავიწყე ყვავილების ბიზნესი?

ავტორი: მანანა მესხიძე

“ყვავილები მამამ შემაყვარა”

პატარა ვიყავი, როცა მამამ მასწავლა ყვავილების მოშენება და მოვლა. მამა თითქმის 20 წელი გორის გასართობი პარკის “ახალბაღის” მებაღე იყო. ხშირად დავყავდი სამსახურში და მასთან ერთად ვუვლიდი თითოეულ ნერგს, ძალიან მსიამოვნებდა ეს საქმე და სულ მინდოდა მქონოდა ჩემი ხელით გაშენებული ბაღჩა, სადაც ჩემი ოჯახი შეძლებდა, რომ ლამაზ და მშვიდ გარემოში გაეტარებინა საღამო.

დიდი შრომის შედეგად და მეუღლის გვერდში დგომით,თითქმის მივაღწიე ამ შედეგს, უსამსახურობის გამო, ახლა მთლიანად გადართული ვარ ამ საქმიანობაზე. ყვავილების მოვლა ჩემი ოჯახისთვის შემოსავლის წყაროდაც იქცა.

“პანდემიამ დამაფიქრა, როგორ განმევითარებინა ჩემი ბიზნესი”

ჩემი ყვავილები განსაკუთრებით მოთხოვნადი პანდემიის დროს გახდა, რადგან ყველა და ყველაფერი მხოლოდ ონლაინ მუშაობდა. შვილების დახმარებით, შევქმენი გვერდი, ჩემი ყვავილების სახელით და აქედან დაიწყო ჩვენი ონლაინ ბაზარზე გასვლა.

ყვავილების დიდი მოთხოვნის გამო, გადავწყვიტე, ჩემი ჰობი ბიზნესად მექცია და გორელებისთვის შემეთავაზებინა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ულამაზესი ყვავილები. ამ ყველაფერში მეუღლეც დამეხმარა და დავამატეთ ადგილზე მიტანის სერვისიც, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აქამდე არ ყოფილა, მგონი, რომ ოთახის და ეზოს ყვავილები ადგილამდე მიეტანათ, მაშინ როცა ყველა ჩაკეტილი იყო და ტრანსპორტიც არ მუშაობდა.

ახლა მივაღწიე იმას რომ გორში და არამარტო გორში, უმრავლესობა მცნობს ჩემი ყვავილებით. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. მიხარია, როცა შემიძლია, თუნდაც პატარა საჩუქრით გავახარო ყვავილომანი. მიხარია, მადლიერი და კმაყოფილი
მომხმარებელი. შეძლებისდაგვარად, ყველას ვუწევ კონსულტაციას, როგორ დარგოს და მოუაროს შეძენილ მცენარეს და არა მარტო ჩემთან შეძენილს. უამრავი ადამიანი მიკავშირდება – ზოგი რჩევას მეკითხება, ზოგიც კი უბრალოდ მადლობას მიხდის. ეს ძალიან სასიამოვნოა და ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით.

“ხშირად უბრალოდ ვჩუქნი ადამიანებს ყვავილებს, რადგან ვატყობ, რომ მათაც ჩემსავით უყვართ ისინი”

უამრავი ყვავილი მიყვარს, თითქმის ყველა, რასაც სასიამოვნო სურნელი აქვს, მაგრამ გამოვარჩევ ორქიდეას.ისეთი ნაზი და საოცარი ყვავილია, უბრალოდ მაბედნიერებს მათი ყურებაც. პატარა კოლექციაც კი მაქვს, თითქმის ოცამდე ფერი მაქვს შეგროვებული, ზოგი შევიძინე, ზოგსაც მჩუქნიან. ვინც მიცნობს, მათ კარგად იციან, რით გამახარებენ.

მეც მიხარია, როცა სხვა ადამიანებს ვახარებ. ხშირად შეყვარებულ წყვილსაც დავხმარებივარ და უარი არ მითქვამს თხოვნაზე, ანონიმურად ან/და პატარა წერილებით ადგილზე მიგვერთმია ყვავილები. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ადამიანები გავახარო.

ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა ჩემ მეგობარს თუ უბრალოდ ნაცნობს ვურჩიო, თავისით მოიყვანონ ყვავილები. ხშირად დამწყებისთვის უამრავი ნერგი და ყვავილის თესლი მიჩუქებია, რომ მათაც შეძლონ თავისივეე ხელით გააშენონ ლამაზი ეზოები და ბაღები, ეს ყველაფერი ძალინ სასიამოვნოა, როცა შენით რგავ და ბავშვივით ელოდები მის გაზრდას, ყოველ დღე თავს ევლები და ეფერები. ბოლოს კი, ისიც გაგახარებს ლამაზი ყვავილით. ეს ძალიან ეხმარება ადამიანს პრობლემების დროებით დავიწყებაში და დიდ სიმშვიდეს მატებს. სასიამოვნოა, შენი შრომის შედეგის დანახვა, თანაც ასეთი ლამაზი ყვავილების სახით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები