ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მოსახლეობას ქუჩებისთვის სახელების მინიჭება სურთ, ამისათვის რუისის ჯგუფში გამოკითხვას ატარებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩები მისამართის გარეშე არაერთ პრობლემას უქმნით.
“აუცილებელია რომ ქუჩებს სახელები ერქვას. ამანათი რომ მოგვდის კურიერს ძლივს ვაგებინებთ სად უნდა მოვიდეს”, – ამბობს ნინო ბეჟუაშვილი.
“ჩემს ბავშვობაში რუისის ქუჩებს ჰქონდა სახელები, ჩემი ქუჩა რუსთაველის იყო”, – ამბობს ლეილა რაზმიაშვილი.
“ვფიქრობ, კარგი იქნება გვქონდეს რუის-ურბნისის, ტაო-კლარჯეთის, ლორე-ტაშირის, საინგილოს, დავით გარეჯის, აფხაზეთის, ჯუჯების და სამაჩაბლოს ქუჩები, რადგან ყველა ქართველის და მათ შორის ყველა რუისელის ვალია ვიაზროვნოთ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, როგორც ამას ერთი დიდი ქართველი იტყოდა განსაკუთრებით მომავალმა თაობამ”, – წერს ლადო ბალიაშვილი.
მოსახლეობის ინიციატივას ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი ეგნატაშვილიც ეთანხმება.
“დავამატებ ყველაზე საამაყო რუისელების: ლეონტი მროველის და ბერი ეგნატაშვილის ქუჩებს. აუცილებლად უნდა იყოს რუისში დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის, გიორგი სააკაძისა და იაკობ გოგებაშვილის ქუჩები”, – წერს ეგნატაშვილი.
გამოკითხვის ინიციატორი გეგმავს, აღნიშნული საკითხი საკრებულოს წარუდგინოს განსახილელად.
ინფორმაციისთვის, საჯარო რეესტრის მიხედვით რუისში 50 ქუჩაა რეგისტრირებული.