“ეს პროფესია ჩემი ამ ქვეყანაზე ყოფნის შინაარსს ნიშნავს”, – ამბობს მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ცხოვრობს.
მოქანდაკეს კასპში და კავთისხევში თითქმის ყველა იცნობს. იციან, რომ მისი ნამუშევრები, როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დგას. ის ბევრი ცნობილი პროექტის ავტორია, მის არაერთ ნამუშევარს შეხვდებით თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარშიც.
“მოქანდაკეობა არის მძიმე პროფესია იმ გაგებით, რომ აქ ფილოსოფიური განათების გარეშე არაფერი არ გამოვა. 1966 წლიდან მოქანდაკე ვარ, მას მერე რაც დიპლომი დავიცავი. სადიპლომო ნამუშევარი იყო სამასი არაგველი, რომელიც ამ დრომდე სახლში მაქვს”, – გვიყვება ის.
ხელოვანის სიტყვებით, როგორი რთული პერიოდიც არ უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში, სამუშაო ყველაფერს ავიწყებს.
“მუშაობის პროცესს აქვს ორი საწყისი: ერთი, რომელიც გულიდან მოდის და მეორე, რომელიც გონებიდან. ხშირად გულიდან რაც მოდის, ის უკეთესია, რადგან გონებით მშრალი გამოდის, მაგრამ თუ ორივე ერთმანეთს დაემთხვა, უნიკალური ნამუშევარი იქმნება. ქანდაკება და მოქანდაკე მუშაობის პროცესში შერწყმულია ერთმანეთში, თუ ქანდაკებას სული არ მიეცი, არ გაატანე, ისე გინდა ყოფილა, გინდა არა”, – ამბობს ის.
ამბობს, რომ მოქანდაკეობა რთულია, რადგან ეს პროფესია გონებრივ შესაძლებლობებთან ერთად უდიდეს ფიზიკურ ძალას საჭიროებს.
“რთული, მძიმე და დამღლელი სამუშაოა, მაგრამ იმხელა შთაგონებას იძლევა, არაფერზე უკან დამხევი არ ხარ, იმდენად საინტერესოა. ღამეებიც გამითენებია, სიზმარშიც მინახავს ავმდგარვარ და ქანდაკება გამიკეთებია. ეს პროფესია ჩემი ამ ქვეყანაზე ყოფნის შინაარსს ნიშნავს”, – აღნიშნავს ხელოვანი.
ჯემალ თუშურაშვილს 10 – მდე ესკიზი აქვს მომზადებული, რომლის შექმნაზეც ფიქრობს.