ადამიანები ისტორიები

“მთელი ცხოვრება მუზეუმს შევწირე” – 87 წლის ისტორიკოსი კასპიდან

“ყველა ნივთი მიყვარს, რომელიც ამ მუზეუმშია, აი ეს ხის კანკელი კბილის ჯაგრისით გავწმინდე და გავასუფთავე, ასეთი კი არ იყო”, – გვიყვება 87 წლის ლიანა ბალხამიშვილი, რომელიც კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს.

ლიანა გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული თანამშრომელია. ის ჯერ მეცნიერ – მუშაკად მუშაობდა, შემდეგ კი ფონდების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

“პატარა გოგო ვიყავი, აქ რომ დავიწყე მუშაობა. ეს დაახლოებით 57 წლის წინ იყო, მაშინ მე და ჩემი ხელმძღვანელი ვიყავით მხოლოდ. რამოდენიმე ექსპოზიციაც იყი მუზეუმში, მერე თითქმის ყველაფერმა ჩემ ხელში გაიარა. აქ თითოეული ნივთი მეძვირფასება, ყველა მათგანის ისტორია ვიცი და მეამაყება, რომ ეს ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ისტორიას ინახავს”, – ამბობს ლიანა.

ლიანამ მონაწილეობა მიიღო ხოვლის, ლამისყანის, სასირეთის დაარსების და სტაციონალური ექსპოზიციების მოწყობის საქმეში თეორიული და პრაქტიკული მუშაობით. ამბობს, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს მუზეუმი ნაკლებად აინტერესებთ, რაზეც გული სწყდება.

“ახლა სწორედ ისე მიდის ჩვენი ქვეყნის ამბები, რომ საჭიროა, ყველამ იცოდეს საკუთარი ისტორია. სამწუხაროდ ახალგაზრდები ნაკლებად დადიან აქ, მე კი მინდა ყველა იცნობდეს ამ მუზეუმში დაცულ არტეფაქტებს, მაგალითად, დიონისეს ქანდაკება რომ ჩვენს ქალაქშია, ეს ხომ საამაყოა?! მთავარია, ახალი თაობა დაინტერესდეს, მიუხედავად ჩემი ასაკისა, მე ყველაფერში დავეხმარები მათ. რაც მე ვერ გავაკეთე, მათ უნდა შეძლონ, ესაა ჩვენი ერის და ქვეყნის გზა”, – ამბობს ლიანა.

ლიანა ბალხამიშვილს შედგენილი აქვს ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისთვის რაიონის მატერიალური კულტურის ძეგლების ნუსხა. მონაწილეობა აქვს მიღებული ფოლკლორული კრებულის “ნამცვრევის” შეკრება-შედგენაში. ენციკლოპედიური კრებულისთვის  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, მოახდინა კასპის რაიონის ძეგლების სისტემატიზაცია და კორექტურა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.