სტატიები

5 ქურდობა 3 დღეში და არც ერთი დაკავებული – ვინ რას (აღარ) ელის პოლიციისგან? 

გორში ბოლო სამ დღეში, ერთ ოჯახს – ძვირფასეულობა მოპარეს, მეორეს – ტელევიზორი, მოქალაქეს – სახლთან გაჩერებული ველოსიპედი, კომპანიას კი  გათბობის ახალი ქვაბები. 

ყველა ამ შემთხვევის შესახებ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ვერც ერთი დანაშაულის გახსნა ოპერატიულად ვერ შეძლო. როგორია კრიმინოგენური ვითარება ქალაქში, რას ფიქრობენ მოქალაქეები და სად ხედავენ პრობლემებს დარგის სპეციალისტები? – “მოზაიკა” სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს გთავაზობთ. 

ზაზა გორგაძე წმინდაწყლის დასახლებაში, ყიფიანის ქუჩაზე ცხოვრობს. ამ უბანში საცხოვრებლად 5 თვის წინ გადავიდა და საკუთარ ველოსიპედს გასაჩერებელი ადგილი სადარბაზოს შესასვლელთან მოუნახა. 

“ჩემს ლურჯ ველოსიპედს სულ ერთსა და იმავე ადგილას, სადარბაზოს შესასვლელთან ვაჩერებდი, მაგრამ ერთ დღესაც ადგილზე აღარ დამხვდა. პოლიციას ვაცნობე, რადგან ჩემი ნივთის დაბრუნება მინდა”.

ზაზასთვის მოპარული ველოსიპედი გადაადგილების საშუალება იყო. მისი განცხადების საფუძველზე, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

“ექსპერტი და გამომძიებელი იყო მოსული. შემთხვევის ადგილი დაასურათეს და წავიდნენ. მნიშვნელოვანი სიახლე ჯერჯერობით არაფერია”.


სიახლე არც ზაზას მეზობლად მომხდარი ქურდობის ფაქტზეა. ველოსიპედის ქურდობიდან რამდენიმე დღეში, ყიფიანის ქუჩაზე ნივთები ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდანაც მოიპარეს. 

“ბინიდან წაღებულია ტექნიკა, ტანსაცმელი და ბეჭდები”, – აცნობეს “მოზაიკას”. 


ამავე ღამეს, ტელევიზორი მოიპარეს თოიძის ქუჩაზე მდებარე იმ საბავშვო ბაღის შენობიდან, სადაც დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. 

დღეს კი, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ “სოკარ ჯორჯია გაზის” სერვისცენტრიც გაქურდეს და გათბობის ხუთი ქვაბი მოპარეს. 

მნიშვნელოვანია, რომ პოლიციისთვის შეტყობინებული ფაქტების გარდა, მედიისთვის დროდადრო ცნობილი ხდება კრიმინალის ის შემთხვევები, რომელთა შესახებაც დაზარალებულები სამართალდამცველებს არ აცნობებენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი ამბობენ, რომ გამოძიების იმედი არ აქვთ და გამოკითხვებზე სიარული ფუჭი დროის კარგვა იქნება. 

დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კრიმინოგენური ვითარების გაუარესების და საზოგადოების უნდობლობის ძირითადი მიზეზები სამართალდამცავ უწყებებში არსებული ორი მთავარი პრობლემაა.

  1. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასწორი საკადრო პოლიტიკა 
  2. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაბალი კვალიფიკაცია 

ამ საკითხებზე “მოზაიკას” საიას გორის ოფისის იურისტი რეზო რევაზაშვილი ესაუბრა, რომელიც უკვე წლებია სისხლის სამართლის ადვოკატია. 

“ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გამოვყოთ ორი მიზეზი, ერთი, რომ პოლიციას ტექნიკურად სჭირდება აღჭურვა და გადამზადება, რათა შეძლონ მტკიცებულებების სათანადო წესით მოპოვება. არ შეიძლება მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ შემთხვევის ადგილას გაიყვანო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც ასევე გადასამზადებელია, რადგან ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დგას დღის წესრიგში”.

რაც შეეხება საკადრო პოლიციკას, რევაზაშვილი ფიქრობს, რომ ნეპოტიზმის პირობებში, პოლიციას გაუჭირდება დაკისრებული მოვალეობების შესრულება და შესაბამისად, მოქალაქეთა ნდობის დაბრუნება. 

“მეორე მიზეზი არის საკადრო პოლიტიკა, თანამდებობაზე ინიშნებიან ნეპოტიზმით. ამასთან არის დაკავშირებული, ის რომ ხდება პროფესიონალი კადრების გადინება, არამარტო შსს-დან, არამედ ზოგადად საჯარო სამსახურიდან”.

ამ პრობლემების ფონზე, გორში დანაშაულის გახსნას და მოპარული ნივთების დაბრუნებას, ბოლო სამ დღეში გახმაურებული ფაქტების მიხედვით, სულ მცირე 3 ოჯახი და ერთი კომპანია ელოდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.