“გორში, იუსტიციის სახლთან ვიღაც ახალგაზრდა გოგომ, ვერცხლისფერი “მაზდას” მარკის ავტომანქანიდან ჩამოაგდო კოკერ-სპანიელის ჯიშის ძაღლი და გაიქცა”, – ინფორმაციას ამის შესახებ “სოლიდარობის სახლი” ავრცელებს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. როგორც პოსრტის ავტორი წერს, ფაქტის შესახებ პოლიციასაც აცნობეს თუმცა რეაგირება არ მომხდარა. ძაღლის შეფარების სურვილი სოციალურ ქსელში არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა.
“ძაღლი წკმუტუნით გაეკიდა, მაგრამ იმ ალქაჯმა არ გაუჩერა მანქანა. იმდენად სწრაფად გარბოდა კოკი პატრონისკენ, რომ მიმავალ მანქანებსაც უსწრებდა თურმე. ახლა პატრონის ძიებაში დაბნეული დარბის. შეიძლება ავტოშემთხვევის მსხვერპლი გახდეს. ამ სიცივესა და ყინვაში, შიმშილით და ტანჯვით სასიკვდილოდ გაიმეტა პატრონმა. ვინ ხართ ახლომახლო, გეხვეწებით, იქნებ იპოვოთ და დროებით შეიფაროთ. ეს ამბავი ტაქსის მძღოლმა უამბო ჩვენს მეგობარ ცხოველთმოყვარულს, თეა ბუთურიშვილს, რომელმაც ოპერატიულად გადასცა ინფორმაცია 112-ს. ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება. იქვე არის სათვალთვალო კამერები და მოხდება იდენტიფიცირება ძაღლის მეპატრონის. თეა გორშია და ელოდება კოკის გამოჩენას. ის წაიყვანს ძაღლს”, – წერს ავტორი.
სოლიდარობის სახლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის მიტოვების ფაქტზე პოლიციას იმ დღესვე ეცნობა რეაგირება არ მომხდარა.
“როგორც გიამბეთ, კოკის გადაგდების ფაქტზე თეა ბუთურიშვილმა, დაახლოებით 10: 30 საათზე შეატყობინა 112-ს, რომელმაც ბუთურიშვილს განუცხადა , რომ ინფორმაცია გადაეცა გორის პოლიციას და დაუკავშირდებოდნენ დეტალების დასაზუსტებლად. ბუთურიშვილის განცხადებით, საღამოს 17:00 საათამდე პოლიციიდან ზარი არ განხორციელებულა. ვურჩიე, რომ ისევ მიემართა 112-სთვის და შემდეგ გენინსპექციისთვის. ასეც მოიქცა.თუმცა, პოლიციიდან ისევ არავინ გამოეხმაურა. ამის შემდეგ ბუთურიშვილმა გენერალურ ინსპექციაში გაასაჩივრა პოლიციის გულგრილობა და საქმისადმი უპასუხისმგებლობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.