მთელი ცხოვრება საავადმყოფოში უფროს მედდად მუშაობდა. საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ კი, ნაზუქების ცხობა დაიწყო. ელზა ტაბატაძემ 7 წლის წინ, სურამში ცენტრალური გზის მიმდებარედ თონე გახსნა.
“საქართელოში პენსია კი ვიცით რაცაა, ამიტომ ოჯახისთვის ეს შემოსავალი მინიმალური იყო და აუცილებლად დამატებით შემოსავალზე უნდა მეფიქრა. ნაზუქის ცხობა წლების წინ ვისწავლე, ოჯახისთვის ვამზადებდი ხოლმე, ამიტომ ავიღე ეს ობიექტი და დავიწყე ნაზუქის ცხობა”, – ამბობს ელზა.
ელზას დილა 5 საათზე იწყება. ახურებს თონეს და იწყებს გუნდების გამზადებას.
“ცომს სახლში ვზელ და ისე მომაქვს, რადგან აქ ისეთი კომფორტი არ მაქვს, როგორც სახლში, ამიტომ მირჩევნია გამზადებული მოვიტანო. ზაფხულის სეზონი უკეთესია, დღეში 100 -120 ნაზუქი შეიძლება გავყიდო. ჩემი თონე დიდია 30 ნაზუქი ეტევა. მე ახლა ასაკში ვარ და დღეში 4 თონეზე მეტის გამოცხობა არ შემიძლია. რთულია ცხელ თონესთან მუშაობა, მაგრამ როდესაც შემოსავალს ელოდები, ეს სირთულე საერთოდ არ გახსოვს”.
ელზა ნაზუქთან ერთად, გირჩის მურაბასაც ამზადებს. ამბობს, რომ ამ პროდუქტის მომხმარებელი ქართველებთან ერთად, ბევრი უცხოელიცაა.
“წლებია გირჩის მურაბას ვხარშავ და ვყიდი, რომელც იმუნიტეტისთვის, გაციებისთვის, ბრონხებისთვის და თირკმელებისვის უებარი წამალია, სულ წმენდს ორგანიზმს. სხვა მურაბებთან შედარებით, ეს ცოტა ძვირიცაა, მაგრამ გაკეთებაც ბევრი მიჯდება და ამიტომ ასე გამოდის. გირჩის მურაბას როგორც ქართველები, ასევე უცხოელი ტურისტები ყიდულობენ, მათაც იციან ამ მურაბის სიკეთეები და ყიდულობენ”, – აღნიშნავს ის.
ელზა განსაკუთრებული დატვირთვით სადღესასწაული დღეებში მუშაობს. დღესასწაულებს თან დაღლაც ახლავს, მაგრამ ელზასთვის მთავარია, ყველა აღებული შეკვეთა მოასწროს და ოჯახის შემოსავალიც გაზარდოს.