მე ვხატავ ჩემს სამყაროს, ჩემს ქვეცნობიერს. მუზას, რომელსაც სიჩუმის, ხმაურის, ცხოვრების მიმდინარე ეპიზოდებში ვხედავ, – ამბობს ხაშურში მცხოვრები, 15 წლის ანუკი სებისკვერაძე, რომელიც ხშირად ხუმრობს, რომ დაბადებიდან ხატავს.
ანუკი ხატვისადმი ინტერესს გენეტიკას აბრალებს.
“ხატვა ღრმა ბავშვობიდან დავიწყე. ოჯახში დედა ხატავს და ალბათ ეს გენეტიკის ძალაა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოდის შთამომავლობაზე და კიდევ ბადებს ახალ მუზას. როდესაც დედამ შეამჩნია ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი, ხატვის კურსზე მიმიყვანა, რომელიც დამეხმარა შემესწავლა ხატვის, ფერწერისა თუ გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა. მე მახსოვს ჩემი პირველი ფერწერული ნამუშევარი, რომელიც დაახლოებით ექვსი წლის ასაკში დავხატე”, – გიყვება ანუკი.
ამბობს, რომ ხატვის დროს ნებისმიერ მასალას იყენებს: ქაღალდი, ტილო ზეთი ფუნჯები. აქვს გამორჩეული ნამუშევრებიც.
“დიდი სიამოვნებაა, როცა ყველა საღებავი შენს ხელთაა. შეგიძლია შექმნა ახალი სამყარო, ახალი რეალობა, შენი თვალთახედვით სიცარიელეზე. მე ვხატავ ჩემს სამყაროს, ჩემს ქვეცნობიერს. მუზას, რომელსაც სიჩუმის, ხმაურის, ცხოვრების მიმდინარე ეპოზოდში ვხედავ. მაქვს ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ორი ნამუშევარი ,,მაკრინა” და უსახელო ნამუშევარი”.
ანუკი გვიყვება, რომ ნამუშევრები არასდროს გაუყიდია, მათ ახლობელ ადამიანებს ჩუქნის.
“თუ კომპოზიციაზე მუშაობას ვიწყებ, არ მიყვარს გაწყვეტა, ვმუშაობ შეუჩერებლად. ამიტომ ხშირად ორი დღე გადამიბია. ფერების მთლიან პალიტრაში მუშაობა მომწონს, მაგრამ თბილი ტონალობის ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. ვფიქრობ, მეტად სიღრმისეულია. ნახატები არასდროს გამიყიდია, მაგრამ ვჩუქნი საყვარელ ადამიანებს”.