ადამიანები ისტორიები

სურამელი ხელოვანი, რომელიც მხატვრულ ვიტრაჟებს ამზადებს – თამილა დევდარიანი

სურამში მცხოვრები, ხელოვანი თამილა დევდარიანი მხატვრული ვიტრაჟების დამზადებით წლების წინ დაინტერესდა. პროფესიით ინტერიერიერის დიზაინერია, ამიტომ ვიტრაჟებზე მუშაობა მისთვის რთული არ ყოფილა. შეისწავლა ამ სპეციალობის თითქმის ყველა ტექნიკა და პირველი ნამუშევრებიც შექმნა.

თამილამ განათლება რუსეთში მიიღო, წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. 2008 წლის ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და საქმიანობა საკუთარ ქვეყანაში წამოიწყო.

პირველი ნამუშევარი, რა თქმა უნდა, იყო ვიტრაჟების დამზადების შესწავლის დროს შექმნილი კომპიზიციები, რომლებიც დღემდე ძალიან მიყვარს და ჩემს სახელოსნოს ამშვენებენ. გამორჩეულად მიყვარს ჩემი კომპოზიციები “ალაზანი”, “ხოხობი”, რომელიც თბილისის ცენტრს ამშვენებენ. ვფლობ ვიტრაჟების თითქმის ყველა ტექნიკას: ტიფანი, კლასიკური ვიტრაჟი, ფიუზინგი, lampwork, overlay, მოზაიკა, ვხატავ ვიტრაჟის საღებავით. ძირითად მიმართულებად ავირჩიე ე.წ. overlay ვიტრაჟები, რომელიც საშუალო ღირებულებასთან ერთად განუმეორებელ ეფექტს მაძლევს და მომხმარებელსაც ძალიან მოწონს”, – გვიყვება თამილა.

ვიტრაჟების დამზადება მინისგან ან ნებისმიერ მინის ზედაპირზე, ასევე სარკეზეა შესაძლებელი. თამილა ამბობს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია ინტერიერშიც და ექსტერიერშიც.

ძალიან ამშვენებენ ვიტრაჟები კარებს, ფანჯრებს, შეკიდულ ჭერს, ტიხრებს, ავეჯის ვიტრინებს. ვიტრაჟების შექმნისთვის საჭიროა ფერადი მინა, მეტალის პროფილი, ტიხარი, კალა, დეკორატიული ელემენტები, ფერადი ფირფიტები, საღებავები. დანადგარი მინის დასამუშავებლად, ღუმელი, სხვადასხვა ქიმიური მასალები და ა.შ. ძირითადი სირთულე ის არის, რომ მინასთან მუშაობის დროს არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, გამომდინარე მისი მჭრელი და მსხვრევადი თვისებებისაგან”.

თამილას ნამუშევრეში ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია ანგელოზებია, რომლებიც ხელოვანმა ორი წლის წინ შექმნა.

ანგელოზების” სერია შეიქმნა საშობაოდ, ორი წლის წინ, მეგობრებისთვის. ერთი წლის წინ კი, გამოვიყენე საქველმოქმედო აქციისთვის და დავარქვით “სიყვარულის და სიკეთის ანგელოზები”, მათ დამზადებას დაახლოებით 4-5 საათი სჭირდება. რთული კომპოზიციებისთვის კი გაცილებით მეტი დროა საჭირო. მუშაობის დრო განსაზღვრული არ მაქვს, ისევე, როგორც ყველა ხელოვანს, მუზამ და ახალმა იდეებმა შეიძლება არც დაგვაძინოს და გაგვათენებინოს ღამე, ასე ხშირად ხდება”, – აღნიშნავს თამილა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.