“56 წელი თავდადებით ემსახურა მოზარდების სწავლებისა და აღზრდის დიდ საქმეს”, – შვილები ასე ახასიათებენ საკუთარ მამას, ნოდარ კობახიძეს, რომელმაც საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა არაერთ სფეროში გამოავლინა.
“უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, როგორც საუკეთესო ავტორიტეტის მქონე კურსდამთავრებული, ქარელის სკოლაში დაასაქმეს. ეს იყო 1955 წელი. მაშინ ქარელში ერთი საშუალო სკოლა იყო, 42 კლასითა და 1 300 მოსწავლით”, – იხსენებს შვილი ნანა კობახიძე.
ნანას სიტყვებით, იმ დროისთვის ახალგაზრდა პედაგოგმა მასწავლებლობის ჩინებული უნარი სწორედ იმ პერიოდში გამოავლინა.
“ერთხელ, ერთ-ერთ კლასს, რომლის ხელმძღვანელობასაც დამრიგებლის რამდენჯერმე შეცვლის მიუხედავად, თავი ვერ გაართვეს, დამრიგებლად მამაჩემი დაუნიშნეს. კლასში ცხრა ბავშვიღა იყო დარჩენილი, თუმცა მან მოახერხა და ორ თვეში სკოლისკენ მოაბრუნა ყველა მოზარდი. ეს კლასი მალე მთელ სკოლაში მოწინავე გახდა”, – იხსენებს ნანა.
მუშაობის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ნოდარს კულტურის სახლის დირექტორობა შესთავაზეს. ნანას თქმით, ეს ის პერიოდია, როცა კულტურის სახლში ქაოსი, ინტრიგა და ურთიერთდაპირისპირება იყო.
“მან მოახერხა და ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით შეკრა კოლექტივი. დაიწყო სპექტაკლების დადგმა, გაიხსნა სხვადასხვა შემოქმედებითი წრე, ერთ წელიწადში დაიფარა ორი წლის სახელფასო დავალიანება. შეიქმნა შესანიშნავი საესტრადო ანსამბლი, რომლის რეპერტუარი მისივე დაწერილი სიმღერები და სკეტჩები იყო”.
ამ ყველაფრის პარალელურად, ნანა იხსენებს, რომ მამამისი ჟურნალისტურ საქმიანობასაც იწეოდა – ხელმძღვანელობდა რადიოს და ადგილობრივ გამოცემას.
“საზოგადოებრივ საწყისებზე ხელმძღვანელობდა ადგილობრივ რადიოგადაცემას – იყო მისი რედაქტორი და დიქტორი. ასევე, 25 წელი რაიონული გაზეთის რედაქციაში რედაქტორის მოადგილედ მუშაობდა. მისი წერილები ადამიანებს ავსებდნენ ძალითა და რწმენით, სამშობლოს სიყვარულითა და ერთგულებით. საკუთარი საქმიანობით, ბევრი გზასაცდენილი ახალგაზრდა დაუბრუნა ნორმალურ ყოფას, ბევრი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა მისი მონდომებითა და თავდადებით.”
აღსანიშნავია, რომ ქარელელ პედაგოგი დავიტ აღმაშენებლის მედალს ფლობს. მას ეს ჯილდო იმ ბალადისთვის გადაეცა, რომელიც რუის-ურბნისის კრების 900 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა.
ყველაფერ ამისთვის, ნოდარ კობახიძეს 2022 წელს ქარელის მერიამ საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭა.