ნანა შალიტაური კავთისხევის კულტურის სახლში მოზარდებს ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლის. მუსიკის და ხალხური საკრავების მიმართ ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს.
პირველი საკრავი, რომელსაც დაწყებით კლასებში დაეუფლა, სალამური იყო.
“ჩვენთან კულტურის სახლში ჩამოყალიბებული იყო ხალხური საკრავების წრე, რომელსაც ავთანდილ მოდრეკილაძე ხელმძღვანელობდა, მისი დახმარებით ჯერ სალამურის დაკვრა ვისწავლე, შემდეგ ფანდური, დოლი, დაირა, დიპლიპიტო, ჩონგური. ერთობლივი მუშაობით ძალიან ბევრ რამეს მივაღწიე ბავშვობაშივე. ჩემმა პედაგოგმა, როგორც კი ჩამოაყალიბა წრე, მაშინვე გავხდი სოლისტი. 10 წლის განმავლობაში, რაც სკოლაში დავდიოდი, ფესტივალებზე ყოველთვის ლაურეატი ვხდებოდი”, – ამბობს ნანა.
ნანამ პროფესიად სახელოვნებო ფაკულტეტი აირჩია. სტუდენტობის პერიოდში, ის ხალხურ საკრავებზე კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებდა.
“სამომავლო პროფესიაც ეს გახდა. თბილისში დავიწყე სწავლა, საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში, ხალხური საკრავების ჯგუფში. აქ ჩემმა პედაგოგმა გააორკესტრა ხალხური საკრავები და შესაძლებელი გახადა, რომ კლასიკური ნაწარმოებები შესრულებულიყო ხალხურ საკრავებზე. სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდი სოფელში და დავიწყე მუშაობა კავთისხევის კულტურის სახლში, პედაგოგად”, – იხსენებს ნანა
ნანას სურვილია, რაც შეიძლება მეტმა მოზარდმა ისწავლოს ხალხურ საკრავებზე დაკვრა. ამიტომ ხშირად ესაუბრება მათ და აცნობს თითოეულ ინსტრუმენტს და სურვილის შემთხვევაში, დაკვრასაც ასწავლის.
“მყავს რამოდენიმე ჯგუფი, დოლებზე, ფანდურებზე. მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე შემოდიან ჩემთან ბავშვები, მათ ვესაუბრები ქართულ საკრავებზე, შემდეგ ვაცნობ, ვასწავლი აკორდების აღებას და ნელ-ნელა გადავდივართ სიმღერაზეც. შეიძლება მოზარდს რომელიმე კონკრეტული ინსტრუმენტის მიმართ ჰქონდეს ინტერესი და ამის შესასწავლად მოვიდეს. როდესაც ჩვენთან მოდის, ინტერესდება სხვა საკრავით, მეც არ ვუკლავ ამ ინტერესს და ვცდილობ, რომ ყველა ინსტრუმენტი შევასწავლო”, – ამბობს ნანა.