კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 ავტომობილის რეცხვისთვის. უწყებას მომსახურების შესასყიდად 7 700 ლარი აქვს გათვალისწინებული.
აღნიშნული ავტომობილებით კასპის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები სარგებლობენ.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების, როგორც გარეგანი, ასევე შიდა ნაწილის გარეცხვა-გასუფთავება (ძარა, სალონი, საბარგული), სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
“რეცხვისას გამოყენებულ უნდა იქნეს მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი საშუალებები. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტოსამრეცხაო(ები)-დან ერთი მაინც უნდა მდებარეობდეს კასპის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან(კოსტავას ქ. #18) არაუმეტეს 5 კმ-ის მოშორებით”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ხელშეკრულების მიხედვით მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ დამზადებული შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი ტალონის მეშვეობით, 2022 წლის 01 იანვრიდან -2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.