ბლოგები

როგორ შევქმნათ საგნობრივი კურიკულუმი სკოლაში? 

ავტორი: თინა ძულიაშვილი, წამყვანი მასწავლებელი, სასკოლო სასწავლო გაგმების დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი  

“ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2019 -2023 სასწავლო წელს საქართველოს  ყველა საჯარო სკოლაში ინერგება ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემას, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკას.

გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმის შემუშავება თითოეული სკოლისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, რამდენადაც სასკოლო კურიკულუმის შემუშავების კულტურა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში თითქმის არ იყო.

სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ყველა სასწავლო გეგმა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. ახალი რეფორმა კი საშუალებას აძლევს სკოლებს შექმნან კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმი, მოახდინონ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, დანერგონ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემა.

რამდენადაც საკითხისადმი ამგვარი მიდგომა სიახლეა, საჯარო სკოლებმა პროცესებს მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი.

2019 წლიდან  ჩართულმა სკოლებმა მოახერხეს უკეთ აეთვისებინათ  ესგ.-ის დანერგვის მექანიზმები სკოლაში,  აქცენტი გაეკეთებინათ გრძელვადიან მიზნებზე და კომპლექსური დავალებები მოსწავლის განვითარების გზად ექციათ.

ეპიდემიურმა სიტუაციამ, კოვიდ-პანდემიამ აქტიურად დაძრული პროცესები შეაფერხა. ვირტუალურ სივრცეში ჩატარებული შეხვედრები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გამოდგა. სკოლებს, რომელთაც ინდივიდუალურ, საკუთარ საჭიროებაზე მორგებული სასკოლო კურიკულუმი უნდა შეექმნათ, გაუჭირდათ გამოწვევის დაძლევა.

და მაინც, რა არის ის ძირითადი აქცენტები, რასაც სკოლამ უნდა მიაქციოს ყურადღება სასკოლო  სასწავლო გეგმის შემუშავებისას?

საგნობრივი კურიკულუმები უნდა შეიქმნას კეთედრის წევრების აქტიური თანამშრომლობითა და ჩართულობით. სასწავლო წლის ბოლოს კათედრის წევრები შეიკრიბებიან და გაანალიზებენ გასული წლის შედეგებს, კიდევ ერთხელ გაეცნობიან 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას, გამოკვეთენ იმ ზოგად უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებით არის განსაზღვრული. ჩამოაყალიბებენ მიზნების მკაფიო იერარქიას, რომელიც საფეხურის განმავლობაში დაიფარება. დაადგენენ  საკუთარ პრიორიტეტებს, მოსწავლეთა, ადგილობრივი სასკოლო თემის საჭიროებებს, მოლოდინებს, ხელმისაწვდომ რესურსებს.

ახალი მიდგომებით კათედრაზე მასწავლებელთა ჯგუფი აანალიზებს კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და სწავლებას გეგმავს   ხუთი ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპის დაცვით :

  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. 
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
  • სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).
  • სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას:  დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

კონსტრუქტივისტული პარადიგმით აგებული სასწავლო პროცესი მოითხოვს მასწავლებელს ოთხ შეკითხვაზე ჰქონდეს პასუხი, ესაა:

  1. რა მიზნით ვასწავლი? (სწავლა-სწავლების მიზნები);
  2. რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი? (სასწავლო საკითხები და რესურსები);
  3. როგორ ვასწავლი? (სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები);
  4. როგორ ვაფასებ მოსწავლეების მიღწევებს? (შეფასება).

საგნობრივი კურიკულუმის აგების დროს  მნიშვნელოვანია,მასწავლებელმა გაითვალისწინოს ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული თემებიდან კონკრეტულად რომელ თემას  მიანიჭა სკოლამ პრიორიტეტი .მასწავლებელმა საგნობრივი კურიკულუმის აგების პროცესში უნდა გაითვალისწინოს პრიორიტეტული თემები. გვთავაზობთ   ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებულ  პრიორიტეტულ თემებს :

  1. გარემოს დაცვა;
  2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
  3. ჯანსაღი ცხოვრება;
  4. სამოქალაქო უსაფრთხოება;
  5. კონფლიქტების მართვა;
  6. ფინანსური წიგნიერება;
  7. კულტურული მრავალფეროვნება;
  8. ადამიანის უფლებები.

საგნობრივი სტანდარტით შემოთავაზებული სავალდებულო თემების ფარგლებში მასწავლებელმა უნდა შექმნას თემატური მატრიცები.

თემატური მატრიცა  მოიცავს საკითხებს, კომპლექსურ დავალებებს, სამიზნე ცნებებს, მკვიდრ წარმოდგენებსა და საკვანძო შეკითხვებს.

მასწავლებელს შეუძლია კომპლექსური დავალების პირობა შექმნას თავად, ან გამოიყენოს უკვე შექმნილი და სასკოლო საზოგადოებასთან გაზიარებული კომპლექსური დავალებები.მაგრამ მნიშვნელოვანია დავალებები  მოვარგოთ ჩვენი კლასის ინტერესებსა და საჭიროებებს.

ამ ნაბიჯების გავლის შემდეგ სკოლას ექნება საკუთარ საჭიროებაზე მორგებული კონტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო  კურიკულუმი. სასწავლო პროცესი  მოზარდებს შესთავაზებს წინარე ცოდნა-გამოცდილებასთან დაკავშირებულ ნაცნობ, ცხოვრებისეულ კონტექსტებს და გამოიწვევს მათ უცნობის, ახლის აღმოსაჩენად;მოსწავლეები ჩაერთვებიან ცოდნის აგების პროცესში, დაეუფლებიან კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება კი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს უნარებს   21-ე საუკუნის ადამიანის ფორმირების გზაზე.

დატოვეთ კომენტარი