ბლოგები

როგორ ვაქციოთ საშინაო დავალების შესრულება სასიამოვნო პროცესად?

ავტორი: ნანა ლომიძე 

მასწავლებლები მოსწავლეებს საშინაო დავალებას ვაძლევთ იმისთვის,  რომ მათ გაიუმჯობესონ სხვადასხვა უნარი. ზოგადად, პედაგოგიურ პრაქტიკაში დავალება შემეცნების, სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

დავალება არის მოსწავლის მიერ აუცილებლად შესასრულებელი სამუშაო, სავალდებულო და საპასუხისმგებლო, დროში გაწერილი და კონკრეტული მიზნების მისაღწევად შემუშავებული. მშობელთა და მოსწავლეთა მხრიდან ხშირია უკმაყოფილება დავალებებთან დაკავშირებით.

რა პრობლემის წინაშე დგანან მშობლები?

  • ვერ ეხმარებიან შვილებს სათანადოდ;
  • არ აქვთ საკმარისი დრო ან ცოდნა, ან მეთოდოლოგიას ვერ ფლობენ შესაბამისად;

რა პრობლემის წინაშე დგანან მოსწავლეები?

  • სახლში ვერ დაწერეს დავალება, ამიტომ გადაიწერეს წარჩინებული მოსწავლისაგან;
  • დაწერეს, მაგრამ ვერ გაიგეს რა გამოუვიდათ კარგად და რა აქვთ გასაუმჯობესებელი;
  • დაწერეს, მაგრამ მასწავლებელმა არ გადახედა მათ ნაშრომს.
  • დაწერეს, მაგრამ მასწავლებელი მხოლოდ რამდენიმეს მაშრომს გაეცნო, მათ შორის იმ მოსწავლისას, რომელმაც გადაიწერა.

როგორ მოვაგვაროთ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები?

სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება.

პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ იაზრებენ. საშინაო დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში:  

  • მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას;
  • ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას;
  • საშინაო დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო საქმიანობას;
  • საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და  არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც  ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. 

შევჩერდები წერილობითი საშინაო დავალების შესრულებაზე, მის ხარისხსა და პრობლემებზე.

ბევრჯერ მიფიქრია, სხვადასხვა  ასაკის მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებაში ეხმარებიან თუ არა მშობლები და რა დოზით, ან რა მეთოდით. ასევე დავფიქრებულვარ თითოეული მოსწავლის სოციალურ გარემოსა და  პირობებზე, რომელშიც მათ უწევთ ყოფნა.

უპირველესად, ვაკვირვებოდი საკუთარ პრაქტიკას,  ვცდილობდი ამ საკითხებზე გამეზიარებინა სხვათა გამოცდილება  და განმეხილა სპეციალური  ლიტერატურა.  ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალე  გარკვეულ დონეზე მცოდნოდა სხვა ქვეყნების გამოცდილება საშინაო დავალების კომპონენტის შესახებ, რათა  სწორად  დამეგეგმა ინტერვენციები. დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ  წერილობითი საშინაო დავალების უხარისხოდ შესრულების ან შეუსრულებლობის გამომწვევი  მიზეზები შეიძლება იყოს:

  • დაბალი მოტივაცია;
  • უპასუხისმგებლობა;
  • ბევრი დავალება;
  • დავალებების სირთულე;
  • საკითხის უცოდინარობა;

განვიხილავ თითოეულს:

მოსწავლეს აქვს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია გარკვეული ქმედებისათვის. პატარა ასაკში განსაკუთრებით ჩართულია გარეგანი მოტივაცია. ამიტომ ხშირად მოსწავლეს სჭირდება მშობლისა და მასწავლებლის დახმარება საშინაო დავალების კარგად  შესასრულებლად. მოსწავლე, რომელიც გააზრებულად ასრულებს საშინაო დავალებას, მან იცის, რომ ცოდნის განსამტკიცებელი და დასახვეწი აქტივობაა, აუცილებლად პასუხისმგებლობით მოეკიდება.   

კვლევების მიხედვით, 21-ე საუკუნის მოსწავლეთა მეხსიერება საკმაოდ ხანმოკლეა,  ნასწავლი მალე ავიწყდებათ, რაც, ალბათ, გამოწვეულია არაჯანსაღი კვებითა და გარემოთი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საშინაო დავალების შესრულებისას წარმოქმნილი ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს არასაკმარისი ცოდნა. მოსწავლეები ორიენტირებულნი არიან მხოლოდ დღევანდელ შეფასებაზე, ისინი არ სწავლობენ საფუძვლიანად და შედეგიც აშკარაა. რაც შეეხებათ მშობლებს, პრობლემის გადასაჭრელად, ცდილობენ დაეხმარონ შვილებს და სკოლაში გაატანონ ,,სრულყოფილი’’ დავალება, რათა მასწავლებლისაგან არ მიიღონ შენიშვნა, ასეთი მშობლები კი არ ითვალისწინებენ იმას, თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მიიღონ.

საყურადღებოა საშინაო დავალებების რაოდენობა. ზოგიერთი მასწავლებელი თვლის, რომ რაც მეტ დავალებას მისცემს მოსწავლეებს, ასაკის მიუხედავდ, უფრო კარგ შედეგს მიიღებს. ასთი მასწავლებლები არ ითვალისწინებენ იმას, რომ მოსწავლეს რამდენიმე საგანში შეიძლება ჰქონდეს საშინაო დავალება დასაწერი და შესაბამისად, დრო არ ეყოფა. მოსწავლეები კი ცდილობენ ან არ შეასრულონ, ან ნაწილობრივ შეასრულონ, რაც, რა თქმა უნდა, შედეგს არ მოგვცემს. ყურადღებას გავამახვილებ ასევე იმ სიტუაციაზე, რომელიც ხშირად მსმენია. მასწავლებლები რომელ დავალებასაც ვერ მოასწრებენ კლასში მუშაობისას, შემდეგ საშინაო დავალებად აძლევენ, მიუხედავად იმისა, საკითხი იციან თუ არა.  რაც ასევე უარყოფით შედეგს იძლევა.

როგორ ვცდილობ ჩემს მოსწავლეებში ამ პრობლეუნარის მოგვარებას?

ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე,  შევიმუშავე რეკომენდაციები:

  • საჭიროა, მოსწავლეებმა გაიაზრონ საშინაო დავალების დანიშნულება.
  • დაწყებით საფეხურზევე  ჩვევად უნდა ჩამოვუყალიბოთ საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეებს;
  • მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივცეთ განმავითარებელი უკუკავშირი წერითი დავალებების შესრულებისას;
  • დავალებების ერთ-ერთ ნაწილად ვაქციოთ დიფერენცირება, არჩევანის საშუალება და გეგმა.
  • მშობელი ზედმეტად არ ჩაერიოს შესრულების პროცესში;
  • მასწავლებელმა მხოლოდ დაძლევადი და მცირე დროში შესასრულებელი დავალება შეარჩიოს.
  • საშინაო დავალება არ იყოს დასჯის ფორმა.
  • საშინაო დავალების ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს სასკოლო სამუშაოს დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან. შესაბამისად, დავალებებში უნდა გამოვიყენოთ მოსწავლეების ყოველდღიურობიდან აღებული მაგალითები.
  • დავასკვნათ, რომ საშინაო დავალების არასათანადო შესრულების (ან შეუსრულებლობის)  მიზეზებია:
  • მოსწავლეები არ უთმობდნენ სათანადო დროს საშინაო დავალების შესრულებას;
  • დავალების შეუსრულებლობის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად  ასახელებდნენ დროის  დეფიციტს;
  • მასწავლებელი მეტად თუ გაითვალისწინებს   მოსწავლეთა  ინტერესებსა  და დავალების შესრულების ალტერნატიულ გზებს, ამით გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და შესრულების ხარისხს;
  • შესრულებული საშინაო დავალების განხილვას უნდა დაეთმოს სათანადო დრო და შეფასდეს შესაბამისად (კონსტრუქციული უკუკავშირი);
  • მშობლები არ ჩაერიონ დავალების შესრულების პროცესში.

ეს ყველა რეკომენდაცია გავაცნოთ მშობლებს, რათა დავალების შესრულების პროცესში ჩაერიონ დოზირებულად.

უნდა ითქვას, რომ სასურველ შედეგს ყოველთვის ერთნაირად წარმატებით ვერ მივაღწევთ, მაგრამ მოსწავლეთა პროგრესი შესამჩნევი გახდება. მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად სრულყოფილი რეკომენდაციები იხილეთ სტატიაში – http://mastsavlebeli.ge/?p=1779

დატოვეთ კომენტარი