სტატიები

რა თანხა დახარჯა ხაშურის მერიამ სოციალურად დაუცველებისთვის 10 თვეში

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველსაყოფად დახარჯული თანხების შესახებ.

უწყების ცნობით, 2022 წელს შემუშავებული ფულადი დახმარების სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების ფინანსური მოცულობა შეადგენს 1 147 400 ლარს.

მიმდინარე წელს, 10 თვის განმავლობაში გაწეული ხარჯების ჩამონათვალი ასეთია:
  • უმწეოთა უფასო კვების სასადილოს ხარჯი – 126 947 ლარი;
  • უკიდურესად გაჭირვებულ და უბინაო მოქალაქეების (27 ოჯახი) ბინის ქირით უზრუნველყოფა – 41 500 ლარი;
  • მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანი, დევნილი, უპატრონო მიცვალებული) – 2000 ლარი;
  • ვეტერანთა ოჯახების დახმარება (49 ოჯახი) – 14 700 ლარი;
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული პირების რესოციალიზაცია, დაფინანსდა 2 ბენეფიციარი – 400 ლარი;
  • 28 სტუდენტის დაფინანსება – მათ სწავლის ღირებულების თანადაფინანსებისათვის 800 (არაუმეტეს) ლარის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებელში ჩაერიცხათ 22 162 ლარი;
  • მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) დედებს, რომლებსაც შეეძინათ ოთხი და მეტი შვილი, ასევე, დედის დღესთან დაკავშირებით 345 მრავალშვილიან დედას გაეწიათ ფინანსური დახმარება 118 600 ლარის ოდენობით;
  • თირკმლის დიალიზის პროგრამაში ჩართულმა 37 ბენეფიციარმა მიიღო დაფინანსება 18 500 ლარის ოდენობით.

ხაშურის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამით დაიხარჯა 846 692.3 ლარი.

“რაც მოხმარდა ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას, ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების/ მოზარდების რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებას, ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას, გეგმურ ქირურგიულ ოპერაციებს, მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს. პაციენტებს, რომელთა სამედიცინო მომსახურებას არ აფინანსებს სადაზღვევო კომპანია, ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ სხივური და ქიმიოთერაპიის კურსის თანადაფინანსებას და ა.შ.”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.