ავტორი: თამარ ჩაგელიშვილი, წამყვანი მასწავლებელი
სკოლაში მუშაობის დაწყებიდან მუდმივად ვეცნობი სიახლეებს და ვცდილობ დავნერგო სასწავლო პროცესშიც. უკვე მეოთხე წელია ჩართული ვარ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში. მოგეხსენებათ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე- ცნებებზე. თანდათან ინერგება სკოლების პრაქტიკაში კომპლექსური დავალებები, როგორც შუალედური მიზანი და “სწავლა-კეთებით’’ პრინციპზე დაფუძნებული აქტივობები. მეტი ყურადღება ეთმობა საგნობრივი საკითხის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებას, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს პირობისეული ცოდნის მიღებაში. ამისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის მიზნობრივად დაგეგმვა, სასწავლო წლის დასაწყისში საგნობრივი კურიკულუმის შედგენა და გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში სწორი მეთოდების, სტრატეგიების თუ რესურსების შერჩევა. ელექტრონული რესურსები და დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის გაზიარებულია სოციალური ქსელის სამუშაო ჯგუფებშიც.
როგორია ჩემი სამუშაო პრაქტიკა?
მუშაობის პროცესში ვიყენებ განახლებულ დამხმარე მასალებს, რაც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. მაგალითად, მშობლებითვის გასაზიარებელი დავალების ბარათები და საგნობრივი გზამკვლევები, რომელიც მოიცავს მისაღწევ შედეგების, სამიზნე ცნებების, ქვეცნებების სქემებს და ყველა საჭირო სამუშაო მასალას. პედაგოგებს მუშაობის და საგნობრივი კურიკულუმის შემუშავების პროცესში დახმარებას გვიწევს სახელმძღვანელოს თემებზე აგებული კომპლექსური დავალებები და ამავე დავალების ვიდეო- გზამკვლევები საგნების მიხედვით – ვიდეო გაიდები-დრაივის სივრცე. ატვირთულ თემატურებში მოცემულია სასარგებლო რესურსების ბმულები, რასაც საჭიროებისამებრ გამოიყენებენ პედაგოგები. დავალების პირობის შეცვლა და მოდიფიცირება შესაძლებელია ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
კოლეგებს შორის გამოცდიელბის გაზიარება
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, პრაქტიკის გაზიარების მიზნით ყოველწლიურად ტარდება კონფერენციები. 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდა რაიონულ დონეზე, ხოლო ზაფხულში ეროვნულ კონფერენციაზე წარმოადგინეს პედაგოგებმა და სკოლებმა საუკეთესო პრაქტიკა. ქარელის რაიონშიც ჩატარდა პირველი კონფერენცია და ეროვნულ კონფერენციაზეც წარმოადგინეს ჩვენი რაიონიდან პედაგოგებმა პრეზენტაციები, სადაც კარგად ჩანს დავალებების განხორციელების ეტაპები, მოსწავლეების შესრულებული დავალებები და შეფასება. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, ეროვნული კონფერენციის ჩანაწერები იხილოთ ამ ბმულზე.
ასევე, შექმნილია საგნის ექსპერტების მიერ ჩაწერილი, სახელმძღვანელოებზე დაფუძნებული ვიდეო გზამკვლევები .