ახალი ამბები

რაში დასდო ბრალი პროკურატურამ ალექსი მარიამიძეს და როგორია ბრალდებულის პოზიცია?

გორის ყოფილი მერის მოადგილეს სასამართლომ, ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მიხედვით, ალექსი მარიამიძემ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს დამამცირებლად მოექცა. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ბავშვებმა მისი ბაღიდან ხილი მოიპარეს, რის გამოც, მარიამიძემ ისინი დასაჯა. 

“სცემა, შემდეგ სამოსი გახადა და საცვლების ამარა გაუშვა სახლში”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

მომხდარს ალექსი მარიამიძე უარყოფს, – ამის შესახებ დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა. ზაზა გიგაურის თქმით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. 

“მას ძალადობა არ ჩაუდენია. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება კი არა, მინიშნებაც კი. არ იყო ძალადობის ნიშნები, არც ექსპერტიზის დასკვნები. ეს არის უკანონო დაკავება”, – თქვა გიგაურმა. 

მისი თქმით,  ალექსი მარიამიძე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

ინფორმაციისთვის, 2017-2018 წლებში, ალექსი მარიამიძე გორის მაშინდელი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა მოსამართლედ და ადვოკატად. 

დატოვეთ კომენტარი