კაცი, რომელმაც ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარს ხილ-ბოსტნეული ჩაუტანა, 30 წლის ტარიელ სულაშვილია. ის ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთის მეურნეობაში მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს.
ამავე თემაზე: ქარელელმა ტაქსის მძღოლმა მოხუცთა თავშესაფარს ხილ-ბოსტნეული მიუტანა
ტარიელი ორი თვეა, რაც ტაქსის მძღოლად მუშაობს. ამ თავშესაფრის შესახებაც საკუთარი მგზავრებისგან გაიგო.
“ბრეთის მეურნეობიდან და-ძმა წავიყვანე ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარში, ბებიის სანახავად. იქ რომ მივედი, სულ სხვანაირი შეგრძნება გამიჩდა. მომინდა, რომ ამ მოხუცებს რაიმეთი დავხმარებოდი. გავიფიქრე, ახალგაზრდა ბიჭი ვარ და რატომაც არ უნდა გავაკეთო-მეთქი. როდესაც სოფელში დავბრუნდი, შემოვიარე ახლობლები, მეგობრები, შევაგროვე ხილ- ბოსტნეული და გადავწყვიტე მოხუცებისთვის წამეღო. ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდის ვალია, რომ მოხუცები დავაფასოთ’, – გვითხრა ტარიელმა.
ის თავშესაფრის დახმარებას მომავალშიც გეგმავს. აპირებს საკუთარ მანქანაში შესაწირი ყუთი დადგას და შეგროვებული თანხით, მოხუცებს დროდადრო საჭირო ნივთები უყიდოს.
“გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა შესაწირი ყუთი გავაკეთო. დღეში ათობით მგზავრი გადამყავს და თითომ რომ 20 თეთრი მაინც ჩააგდოს, თვის ბოლოს გარკვეული თანხის შეგროვებას შევძლებ. თავშესაფრის უფროს ლუდას ვესაუბრე და მითხრა, რომ ფული არ უნდათ, ძირითადათ საყოფაცხოვრებო ნივთები ჭირდებათ და ამ ყველაფერს წავუღებ”.
ტარიელი ყოფილი სამხედროა.
“18 წლიდან სამხედრო სამსახურში ვიყავი. შემდეგ მამა გარდამეცვალა და ოჯახის საქმეები, ბაღები ჩემი მისახედი გახდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჯარიდან წამოვსულიყავი. ორი თვის წინ კი, ტაქსაობა დავიწყე’.