გორის მერიაში უარყოფენ მათი ყოფილი თანამშრომელის, დავით ჭალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ზედამხედველობის სამსახურიდან სოციალურ ქსელში დაწერილი კრიტიკული კომენტარების გამო გაუშვეს.
მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ირწმუნება, რომ მიზეზი დავით ჭალიძის იურიდიული სტატუსია, რადგან ის მეწარმეა.
“არანაირი პოლიტიკური გათავისუფლება არ არის და ეს თავადაც იცის. გუშინ მან მითხრა, რომ სამსახურიდან გაუშვეს და მოვიკითხე. ის ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და მიზეზიც გახდა ეს”, – ამბობს შიოშვილი.
აღსანიშნავია, რომ დავით ჭალიძე “მოზაიკას” მიერ მომზადებულ სტატიებზე ხშირად აფიქსირებდა საკუთარ აზრს კომენტარებში. ბოლოს მის მიერ, ერთ-ერთი კომენტარი მიუღებელი აღმოჩნდა გორის მერის მოადგილისთვის და თამაზ შიოშვილმა ჭალიძეს ასევე კომენტარში მოუწოდა ხელისუფლების მსგავსი სახით კრიტიკა შეეწყვიტა.
“ყოფილი თანამებრძოლები ვართ ჩვენ, 2012 წლიდან მოყოლებული. ჩვენ განა განსხვავებულ აზრზს ვაკრიტიკებთ, უბრალოდ არ შეიძლება დედის გინება, ოჯახის გინება და მე უბრალოდ რჩევის სახით ვუთხარი მას კომენტარებში”, – აცხადებს მერის მოადგილე.
“მერიის თანამშრომელი შესვენებიდან სამსახურში აღარ შეუშვეს” – რა მოხდა გორის მერიაში