ახალი ამბები

“მერიის თანამშრომელი შესვენებიდან სამსახურში აღარ შეუშვეს” – რა მოხდა გორის მერიაში

შესვენებიდან დაბრუნებული გორის მერიის თანამშრომელი, სამსახურში აღარ შეუშვეს და უთხრეს, რომ გათავისუფლებულია, – ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა გაავრცელა. 

“გორის მერიიდან თანამშრომელი სამსახურიდან გავიდა შესვენებაზე და დაბრუნებული აღარ შეუშვეს,  გათავისუფლებული ხარო”, – ამბობს მერებაშვილი.

გათავისუფლებული თანამშრომელი დავით ჭალიძეა, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობდა. როგორც ის ამბობს, გათავსუფლების მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ.

“ჩემს სამართლიან პოზიციებს ვაფიქსირებ სოციალურ ქსელში, ჩემს გათავისუფლებას ამას ვუკავშირებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხელისუფლება ახორციელებს ჩემს მიმართ დევნას”, – ამბობს ჭალიძე.

გათავისუფლებული თანამშრომელი სამართლებრივ დავას აპირებს.

“ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ მისი სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურებით. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ პროკურატურას და მოვითხოვოთ მისი სამსახურიდან წასვლის იძულების თაობაზე, გამოძიების დაწყება”, – ამბობს მერებაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.