ახალი ამბები

ქარელის მოყვარულთა თეატრი სახალხო თეატრის წოდების დაბრუნებას ელოდება

“2 000 წელს თეატრს ჩამოერთვა სახალხო თეატრის წოდება და ახლა ველოდებით მის დაბრუნებას”, – უთხრა “მოზაიკას” დასის ერთ-ერთმა მსახიობმა, მურად საზანდრიშვილმა. 

მისი თქმით, წოდების დასაბრუნებლად სამი სპექტაკლის დადგმა იყო საჭირო, რაც დასს უკვე გაკეთებული აქვს.

“მოთხოვნა იყო, რომ სამი სპექტაკლი მაინც უნდა გვქონოდა დადგმული და ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. სულ ერთი კვირის წინ დავდგით წარმოდგენა “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”, რამაც მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა. მეორე სპექტაკლი იქნება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან და მესამე სპექტაკლს ჯერ ვერ გაგიმხელთ, საახალწლოდ გვექნება პრემიერა”, – გვითხრა საზანდრიშვილმა. 

ქარელის მოყვარულთა თეატრი მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა. 1983 წელს კი, მას სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა.

“2000 წელს თეატრს ჩამოერთვა სახალხო თეატრის წოდება, სხვადასხვა მიზეზების გამო. მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში არ იყო სინათლე, გათბობა, შენობაც ავარიული იყო, რის გამოც სპექტაკლები ვეღარ იდგემებოდა და მოხდა მისი გაუქმება. თუმცა ახლა უკვე, მომავალ წელს იმედიანად ვუყურებთ. ვფიქრობთ, რომ წინ ვეღარაფერი დაუდგება იმას, რომ კვლავ სახალხო თეატრის წოდება მოგვცენ”.

დატოვეთ კომენტარი