გიორგი ჟურული 1865 წლის 23 აპრილს, ქეთევან ნამორაძისა და დურმიშხან ჟურულის ოჯახში დაიბადა. მისი მამა, დურმიშხანი ქალაქ გორის პრისტავი, შემდეგ კი მოურავი იყო და გიორგიმ ბავშვბობა სოფელ არბოში გაატარა. მოგვიანებით, როცა დურმიშხან ჟურული ბათუმის პოლიციის უფროსად დაინიშნა, ოჯახი აჭარაში გადავიდა საცხოვრებლად.
1877-1878 წლებში გიორგი ჟურული თბილისის სამხედრო გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა თვლიდა, რომ სამხედრო კარიერით ისე ეფექტურად ვერ გამოადგებოდა საკუთარ სამშობლოს, როგორც სხვა პროფესიის დაუფლების შემთხვევაში.
დიდი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, ოჯახმა გიორგი ჟურული პარიზში, აგრონომიულ ინსტიტუტში გაგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. პარიზის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის მომზადების პარალელურად, გიორგი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას ეუფლებოდა სიღრმისეულად და სწორედ ამ დროს გაიტაცა ის ილია ჭავჭავაძის იდეებმა და მსოფლმხედველობამ.
1893 წელს გიორგი ჟურული საქართველოში დაბრუნდა და მაშინვე აირჩიეს სხვადასხვა ქართული დაწესებულებების, ქართული სასკოლო, ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად.
ამ პერიოდიდან იწყება გიორგი ჟურულისა და ილია ჭავჭავაძის მყარი კავშირი და ერთობლივი მოღვაწეობა ქართული საქმიანობის გავრცელება-განვითარებისთვის.
გარდა ილიას ლიტერატურული უნარ-ჩვევების დიდი სიყვარულის და აღიარებისა, გიორგი ჟურული „ერის სულიერი მამის“ ბიზნეს შეხედულებებსაც ბოლომდე იზიარებდა.
ჟურნალ „ივერიაში“ მუშაობის პარალელურად, გიორგი საადგილმამულო ბანკის აღორძინების საქმიანობაშიც ჩაერთო, რადგან ის ხვდებოდა, თუ რა მნიშველობასა და დატვირთვას ატარებდა ილიას იდეა – ქართული ბანკის ჩამოყალიბება.
„ორიგინალური იყო ილიას მოქცევა ჩვენი ახალგაზრდების მიმართ. ძალიან უხაროდა ახლების საქმეში ჩაბმა, მაგრამ არაფრით არ გვაჩვენებდა, რომ ჩვენ იმისი ხელმძღვანელობა გვესაჭირეობოდა. პირიქით, ისე გვექცეოდა და ისეთ მოთხოვნილებებს გვიყენებდა, როგორც საქმეში დიდი ხნობით ჩახედულ ხალხსა… საზოგადოთ წინააღმდეგი იყო პროტექციებით ვისიმე წინ წაწევისა. საინტერესო და საქმისათვის სასარგებლოდ მხოლოდ იმათ სთვლიდა, ვინც საკუთარი ღონით, ცოდნით და გამრჯელობით დაიმსახურებდა საზოგადოების ყურადღებას. ასე ექცეოდა გარეშეთაც და შინაურებსაც”, – ასე ახასიათებდა გიორგი ჟურული ილია.
ჟურული სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საბანკო საქმიანობაში, ჟურნალისტიკაში, იყო ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამგეობის და თბილისის საქალაქო გამგეობის წევრიც.
საქართველოს იძულებითი გასაბჭოების დროს გიორგი ჟურული ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკებმა მოინდომეს მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება, მაგრამ ოკუპანტთა სამსახურზე უარი თქვა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მწარე ხვედრი გაიზიარა.
1921 წლის 18 მარტს გიორგი ჟურული საქართველოს მთავრობასთან ერთად ბათუმიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა. იგი ემიგრაციაშიც აგრძელებდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. 1922 წლის ივლისიდან 1924 წლის ივლისამდე თავმჯდომარეობდა ბერლინ–შარლოტენბურგში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ორგანიზაციას „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში“. საბოლოოდ, ის პარიზში დასახლდა და პარიზის ქართული სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე გახდა.
გიორგი ჟურული გარდაიცვალა 1951 წლის 9 სექტემბერს. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე მეუღლესთან, ელენე ჟურულთან ერთად.