ადამიანები ისტორიები

ცნობილი ქართველი მწერლის, გიორგი შატბერაშვილის კავშირი კასპთან

გიორგი შატბერაშვილის ხსენებაზე ყველას გვახსენდება სკოლის წლებში ნასწავლი თუ წაკითხული მისი მოთხრობები. ის ემოცია, რომელიც სითბოთი და სიყვარულით გვავსებს.

ყველათვის ცნობილი ქართველი მწერლის ბავშვობა კასპის რაიონის სოფელ თვალადს უკავშირდება.  პატარა გიორგი ხშირად სტუმრობდა ბებიასა და პაპას, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობდნენ. მისი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც თვალადთან იყო დაკავშირებული. შატბერაშვილების ძველი სახლი იდგა მდინარეების — კავთურასა და გუდალურას შესართავთან, შესანიშნავი ხედით და მწერალი თავის შთაგონებას სწორედ ამ ადგილებს უკავშირებდა.

გიორგი შატბერაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. იყო დრამატურგიც, წერდა პიესებს.

1933 წელს გიორგი შატბერაშვილმა დაწერა ლექსი „წერილი ახალგაზრდობას“, რომელიც პიესა „დუშმანთან“ ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ათაში გადასახლების მიზეზი. იგი გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.

გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი გაემგზავრა კასპის რაიონში. რვა წლის განმავლობაში (1936-1944) ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში).

სოფლებში ქვემოჭალაში, კავთისხევში და კასპში ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურას, რუსულ ენასა და ისტორიას. ამავე დროს ახლოს ეცნობოდა სოფლის ცხოვრებას, აგროვებდა მასალებს თავისი მომავალი მოთხრობებისა და პიესებისთვის.

1944 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო დაბრუნებულიყო თბილისში და გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა. მისი მწერლობა რამდენიმე ჟანრს აერთიანებს. ის წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, პიესებს, საბავშვო ნაწარმოებებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს, იგი ამავე დროს თარგმნიდა უცხოური ენებიდან ქართულ ენაზე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს.

1945 წელს ქართველმა მაყურებელმა თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნახა გიორგი შატბერაშვილის პიესა „ფიქრის გორა“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და რესპუბლიკის თითქმის ყველა თეატრში დაიდგა. ამ პიესას მოჰყვა „რკინის პერანგი“, „ძველი სახლი“, „უცნობი ქალი“ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, რომლებმაც სახელი და წარმატება შემატა თეატრს.

სიცოცხლის უკანასკნელი წლებში დაწერა თავისი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა  ”აიმ მთაზედა”, ”სამაია” , წერილებისა და ნარკვევების კრებული ”ნაფიქრი”, ”მკვდრის მზე”, ”ჩემს ძველ სახლში”  და სხვა.

გიორგი შატბერაშვილი იყო მკვლევარი – ფილოლოგი, ამავე დროს ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი. წლების განმავლობაში, მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების (”დროშა”, ”ცისკარი”) რედაქციებში.

გარდაცვალებამდე იგი ჟურნალ ”მნათობის” რედაქციაში პროზის განყოფილებას განაგებდა. სხვადასხვა წლებში იყო მწერალთა კავშირის კონსულტანტი, ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის ხელმძღვანელი (1953 წლიდან), პროზაიკოსთა სექციის თავმჯდომარე, არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად.

1964 წელს გამომცემლობა ”ნაკადულმა” გამოსცა მისი რჩეული ლექსების კრებული ”გზა, განვლილი გზა”.

გიორგი შატბერაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 20 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.