ავტორი: ქეთევან ადამია, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით / e-mail: adamiaketi@yahoo.com
ბლოგის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებთან ურთიერთობის შესახებ. კერძოდ, გამოსაკითხი პირის ან/და მოწმის მიერ ჩვენების (გამოკითხვა, დაკითხვა) მიცემასთან დაკავშირებული სირთულეების და მათი გადაჭრის გზების ახსნა. მასალაში მიმოხილულია მხოლოდ სრულწლოვანი გამოსაკითხი პირის და მოწმის მდგომარეობა.
საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პირის გამოკითხვის და დაკითხვის ჩატარების წესები მოწესრიგებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (შემდეგში – კანონი).
ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნას მხარეთა მიერ, დაუშვებელია გამოსაკითხი პირი აიძულონ წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია
გამოკითხვა არის მოწმის მიერ ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის/გამომკითხველისთვის (გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი), რა დროსაც ხდება გამოკითხვის ოქმის შედგენა და ხელმოწერით დადასტურება. გამოკითხვის ოქმს მტკიცებულების ძალა არა აქვს, თუ მასში არსებული ინფორმაცია გამოკითხულმა პირმა სასამართლოში არ დაადასტურა.
დაკითხვა არის მოწმის მიერ ინფორმაციის მიწოდება სასამართლოში.
- კანონი არავის არ ავალდებულებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გამოცხადდეს გამომძიებელთან და გამოკითხვის გზით მისცეს ჩვენება;
- კანონის მიხედვით, ყველა პირს აქვს უფლება უარი განაცხადოს გამოკითხვის გზით ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. უარის ახსნა არ არის სავალდებულო;
- თუ პირი გამოკითხვაზე უარს იტყვის, იგი ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ეს პირი შესაძლოა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაიბარონ. ასეთ შემთხვევაში მოწმის გამოცხადება და ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა და არასწორი ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
- გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში, ვალდებულია საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. არასწორი ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
კანონის მიხედვით, მოწმეს მინიმუმ შემდეგი უფლებები აქვს:
- იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
- თუ არ იცის ქართული ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
- გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
- არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
- საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
კანონი აწესებს იმ პირების ჩამონათვალს, ვინც არ არის ვალდებული იყოს მოწმე, ანუ, სასამართლოც კი ვერ დაავალდებულებს მათ ჩვენების მიცემას საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, ასეთი პირები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად:
- პირები, რომელთაც საქმესთან კავშირის მქონე ინფორმაცია შეიტყვეს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისა ან/და აქვთ სპეციალური სტატუსი, რომლებიც ამომწურავადაა ჩამოთვლილი კანონში (მუხლი 50).
- ბრალდებულის ახლო ნათესავი – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ გამომძიებლები გამოკითხვის ოქმში ხშირად არასწორად და არასრულად ასახავენ გამოკითხული პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც გამოძიების ორგანოსათვის სასურველი შედეგით საქმის ,,გახსნის’’ მიზნითაა განპირობებული. ასეთ შემთხვევებში, გამომძიებელები ძირითადად იყენებენ დაშინებას, დაყოლიებას ან/და მოტყუებას, უკიდურეს შემთხვევაში კი ძალადობას.
ასევე, ხშირია შემთხვევები როდესაც ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით ან/და მოტყუებით პირი ,,გადაჰყავთ’’ საგამოძიებო დანაყოფში გამოკითხვის მიზნით და ავალდებულებენ გამოკითხვის ოქმს მოაწერონ ხელი. სამართალდამცავი ორგანოს მუშაკთა ყოველი ასეთი ქმედება არის დანაშაული და ისჯება კანონით.
სასამართლო განხილვისას, როდესაც პირი უნდა დაიკითხოს მოწმედ მოსამართლის წინაშე, სამართალდამცავები მათ თხოვენ გამომძიებლის მიერ შედგენილი არასწორი შინაარსის გამოკითხვის ოქმის დადასტურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აშინებენ, რომ ცრუ ჩვენების ბრალდებით გაასამართლებენ. ასეთი მდგომარეობისაგან თავის დაზღვევა, შეიძლება თუ მოიქცევით შემდეგნაირად:
- გამოკითხვისას ან/და დაკითხვისას იყოლიეთ ადვოკატი;
- გამოკითხვაზე ან/და დაკითხვაზე მისვლამდე გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან;
- ხელმოწერამდე სრულყოფილად გაეცანით და გაიაზრეთ იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც ხელს აწერთ;
- იმ შემთხვევაში, თუ ხელმოსაწერი დოკუმენტის შინაარსს არ ეთანხმებით, არ მოაწეროთ ხელი ასეთ დოკუმენტს;
- თუ ეჭვი გეპარებათ გამომძიებლის კეთილსინდისიერებაში, უარი განაცხადეთ ნებაყოფლობით გამოკითხვაზე და მოითხოვეთ მოსამართლის წინაშე დაკითხვა;
- თუ საგამოძიებო ორგანოს მუშაკი დაარღვევს თქვენ უფლებებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს (ცხელი ხაზი: 199), საქართველოს პროკურატურას (ცხელი ხაზი: +995 32 2 405 222) ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს (ცხელი ხაზი: 1481).