შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვალერი თელია დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კალანდაძე შეცვალა.
თელია მანამდე ამავე დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ვინ არის ვალერი თელია?
“ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავა”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვალერი თელია მედიის ყურადღების ქვეშ ბევრჯერ მოექცა. მასზე არაერთი მასალა მომზადდა, რომლის მიხედვითაც მას სამართალდარღვევასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ.
ვალერი თელია 2014 წლამდე აჭარის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
“მას ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შემოახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან იქნა ამოღებული, შს სამინისტროს განმარტებით, ამოღების დროს დაზიანდა. სამინისტრომ ალტერნატიული სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები გაავრცელა. ამ კადრებზე პოლიციის უფროსის ძალადობა არ ჩანდა”, – ვკითხულობთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მომზადებულ მასალაში.
თელიამ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უარყო და ამბობდა, რომ საია-ს თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არა მიუყენებია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თელია აღნიშნულის გამო 200 ლარით დაჯარიმდა, დადგინდა ისიც, რომ მას ამ პერიოდში არ ჰქონდა მართვის მოწმობა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, მომხდარი შემთხვევიდან მალევე, თელია კლინიკაში მოხვდა. ექიმების თქმით, მას აღენიშნებოდა ძლიერი ფსიქოლოგიური აღგზნებადობა და ტკივილები სხეულის მარცხენა მხარეს.
ინფორმაციისთვის, ვალერი თელია შიდა ქართლში 2014 წელს გადმოიყვანეს და კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელად დანიშნეს.