სტატიები

100 000 ლარზე მეტი “ოცნების” შემომწირველ კომპანიას – ქარელის მერიის შესყიდვები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ თვეში კომპანიას შპს “ახალი სამშენებლო” 110 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა.

აღნიშნული კომპანიის დირექტორი მამუკა მასურაშვილია, რომელსაც გასულ წელს მმართველი პარტიისთვის, “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” 5000 ლარი აქვს შეწირული.

აღნიშნულ კომპანიისგან ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სექტემბერში, აგვისტოსა და ივლისში გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა მომსახურებები, რომელიც სხვადასხვა სოფელში სამშენებლო სამუშაოებს გულისხმობს. მაგ: სოფლებში სკვერების მოწყობა, ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში გზის მოწესრიგება, ყინწვისში, სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული.

ბოლო წლებში მუნიციპალიტეტები აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს გამარტივებული წესით ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები მაღალბიუჯეტიანია. ამას კი, იმით ხსნიან, რომ კანონმდებლობა საშუალებას აძლევს.

” ეს სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებია, რომლის შესახებაც არსებობს მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც უფლება გვაქვს გამარტივებული გზით შევისყიდოთ სამუშაოები”, – განმარტავენ ქარელის მერიაში.


ამავე თემაზე: ხაშურის მერიამ 60 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები კომპანიას უტენდეროდ გაუფორმა

ქარელის მერია 200 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს უტენდეროდ ყიდულობს 

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე თვეში 14 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, საიდანაც უმეტესობის ღირებულება 5000 ლარს აჭარბებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები