ბლოგები

პრობლემა ჩვენშია

ავტორი: ავთანდილ ბიბილაშვილი

საქართველო მოცემულ რეალობაში, ძალიან ბევრი გამოწვევის და პრობლემის წინაშე დგას. მათ შორის, ჩემთვის ყველაზე მწვავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც დამკვიდრებულია ჩვენს სახელმწიფოში.  დამაბნეველი აღმოჩნდა ჩემთვის არჩევნის გაკეთება და იმ ერთი პრობლემის გამოკვეთა, რომელზე საუბარსაც ვისურვებდი. არა იმიტომ, რომ ვერ ვხედავ პრობლემებს, რაც გვაწუხებს, არამედ იმის გამო, რომ რთულია სათქმელს ლიმიტი დაუწესო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შევეხო ისეთ თემას, რაც ყველას: დიდს და პატარას, ქალსაც და კაცსაც გვაერთიანებს და შეგვიძლია ვუწოდოთ „საზოგადოება“.

პრობლემა ჩვენშია, საზოგადოებაში, რომელსაც დაკარგული აქვს ადამიანური სახე, არ გააჩნია ერთობა, საერთო სახელმწიფოებრივი ხედვა. შეიძლება ძალიან მწვავედ ჟღერს ჩემი სიტყვები, მაგრამ თუ დააკვირდებით მოცემულ რეალობას, ირგვლივ მყოფთ, მიმდინარე და განვითარებულ მოვლენებს, ვფიქრობ გაიზიარებთ ჩემს სიტყვებს. საზოგადოების დიდი ნაწილი შეპყრობილია სიხარბის, ძალაუფლების წყურვილის, ამპარტავნობის და უგუნურობის სენით. სასურველი იყო გამომეყენებინა ტერმინი (ბზარები საზოგადოებაში), მაგრამ საზოგადოება რეალურად გახლეჩილია რამოდენიმე ნაწილად. შევეცდები სწორად დაგანახოთ ჩემს მიერ დანახული დანაწევრებული საზოგადოება და ამ ნაწილების გავლენა მოცემულ რეალობაზე. 

დავიწყებ ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი საზოგადოების ნაწილით – ეს ის ხალხია რომელიც, უკვე კარგად არიან გაწაფულნი დანარჩენი საზოგადოებით მანიპულირებაში, იციან მათი სუსტი წერტილები და მოურიდებლად იყენებენ მათ. მათთვის მთავარი ფასეულობა და მიზანი, მხოლოდ  ძალაუფლება, პოლიტიკური გავლენის მოპოვება და შენარჩუნებაა. სამწუხაროდ, სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს აქვს ის ბერკეტები რომელიც წარმართავს ქვეყნის კურსს და დამეთანხმებით რომ სწორი მიმართულებით ვერ ვითარდება მოვლენები და პროგრესი რომელსაც ქვეყანა საჭიროებს თითქმის შეჩერებულია და თუ რატომ ხდება ეს ალბათ უკვე მოგეხსენებათ, ამ საზოგადოების წარმომადგენლები ისე გაერთნენ ერთმანეთთან პოლიტიკური თამაშებით რომ მათ დაავიწყდათ საკუთარი როლი ქვეყნის და ერის წინაშე, შეიძლება ვთქვა რომ ეს ჩემი მხრიდან ამ ნაწილის ყველაზე მოკლე და ჰუმანური შეფასებაა.

შემდეგ ნაწილში გავაერთიანებ ამპარტავნობით და სიხარბით შეპყრობილთ, ეს ის ხალხია რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის ბედი, მათ შექმნილი აქვთ საკუთარი  წრე და ცდილობენ ყველა ის მომენტი გამოიყენონ, სადაც რაიმე სახის სარგებელს მიიღებენ, აქვთ მაგრამ მეტი უნდათ, ეს ის ხალხია ვინც ქუჩაში ხელგაშვერილ შემწეობის მთხოვნელს იმ ხურდასაც ამოაცლის რაც მთელი დღის მანძილზე აგროვეს. ვერ აცნობიერებენ რომ  სიხარბე მათ ყველაზე დაბალ დონეზე მიექაჩება. ეს ის ხალხია რომელნიც ქვეყანას პარაზიტებივით სისხლს სწოვს და განვითარების და გაძლიერების საშუალებას არ აძლევს, ეს ხალხი ხშირად ასევე გვევლინებიან ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ საზოგადოებაშიც, რადგან მაგ პოზიციიდან უფრო უადვილდებათ საკუთარი სიხარბის დაკმაყოფილება.

შემდეგ ნაწილს წარმოადგენს უგუნურობის სენით შეპყრობილი ხალხი. ეს ხალხი სამწუხაროდ საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და მათი ქმედებებიც და უმოქმედობაც საკმაოდ ნეგატიურად ისახება ქვეყნის მდგომარეობაზე. ეს ის ხალხია რომელთა მანიპულირება ძალზედ მარტივია სხვადასხვა ძალაუფლებისთვის მებრძოლიძალებისთვის. ეს ის ხალხია რომლებიც საკუთარ პრინციპებს რამოდენიმე ათეულ ლარზე ყიდიან. ეს არის ხალხი რომელთაც არ აქვთ უნარი და სურვილი კრიტიკულად და პერსპექტივიდან შეხედონ მოცემულობებს. ეს ის ხალხია რომელთაც გარემოს დაბინძურება, ინფრასტრუქტურის დაზიანება, სხვისი პრობლემა, ჩვეულებრივ მოვლენებად მიაჩნიათ. არ აინტერესებთ პროგრესი და იმედგადაწურულები ყოველდღიურობით და იმაზე ფიქრით ცხოვრობენ ხვალამდე რა ჭამონ, სხვა მხრიდან რომ შევხედოთ შეიძლება ვთქვათ რომ ეს ხალხი დაღლილია იმ გამოწვევებით რაც ყოველდღიურად ხვდებათ, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ესეთი მდგომარეობა,  სწორედ მათი ქმედების თუ უმოქმედობის შედეგია.

ჩემს მიერ მწვავედ შეფასებული რეალობა და პრობლემის მსგავსი სახით ფორმულირება, მესმის, რომ იწვევს პესიმისტურ დამოკიდებულებას ჩვენს რეალობაზე, მაგრამ არსებობს იმედი – იმედი, რომელსაც დანაწევრებული საზოგადოების კიდევ ერთ ნაწილი გვაძლევს და ამ ნაწილზე ჯერ არ გამიმახვილებია ყურადღება. ეს ის ნაწილია, რომელიც სამშობლოს მოყვარულ, ერის პატრიოტ, პროგრესულად მოაზროვნე, ქართველობით მოამაყე და პრინციპულ ხალხს აერთიანებს; ვისთვისაც მთავარი ფასეულობა საქართველო და მისი გაძლიერებაა. სწორედ ამ ხალხმა, თავდაუზოგავი მცდელობებით, სწორი აქცენტებით და ერთმანეთის მხარში დგომით, უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ეს დამსხვრეული საზოგადოება გავაერთიანოთ, ვაჩვენოთ ის შეცდომები, რამაც გამოიწვია ეს ნგრევა და აღმოვფხვრათ ისინი.  ქართული საზოგადოება უნდა იქცეს ერთ მთელ ჯანსაღ ორგანიზმად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას შეთანხმებულად და გააზრებულად, სწორედ ეს ქმედებები მესახება მე მთავარ იარაღად იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები