ბლოგები

ეკოლოგიური პრობლემები კასპში – რას ვაშავებთ ჩვენი დუმილით?

ავტორი: ირაკლი მილაძე

რამდენიმე დღის წინ კასპში მტვრის წვიმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კასპში ეს აღარავის უკვირს, მე მაინც განგაში ავტეხე. ჩვენ მართლა გვსურს სუფთა გარემოში ცხოვრება, თუმცა სუფთა გარემოსთვის ბრძოლა ბევრს აღარ  უნდა. ფიქრობენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს.

დათა თუთაშხიას ნაწარმოებს ვიხსენებ ხოლმე. ერთი მომენტია ჩემთვის განსაკუთრებით მამოტივირებელი – დათა ამბობს, რომ სარეველას თუ გამარგლიან, ბალახს ისეთი ძალა აღარ ექნება და თან ამ საქმეს მიმბაძველიც გამოუჩნდებაო. ბევრ სიტუაციაში მახსენდება ეს ფრაგმენტი და ვცდილობ, ამ იდეით ვიარო მეც – ჩემი წილი სამშობლო დაცივვა, როგორც შემიძლია და სხვებსაც მივცე ბრძოლის მაგალითი.

2012 წელს გავედი პირველად ქარხნების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე. მაშინ ოპოზიციაში იყო “ქართული ოცნება” და მჯეროდა, რომ მათი ორგანიზებით გამართული აქცია გულწრფელი იყო. გაიმარჯვეს, გავიდა წლები და ჩვენი პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა. 

ქარხნების ტერიტორიიდან გამოტანილი ნარჩენები ღია სივრცეშია მიმოფანტული და ქარბუქის დროს და სიბინძურე თავზე თოვლივით გვაწვიმს. ასევე, აზიანებენ გზებს და მათი მანქანები არა მხოლოდ კასპს, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებსაც აბინძურებენ.  ცნობილი ფაქტია, რომ ღამის საათებში საკვამურიდან მტვერი ამოდის. ჰაერში ერევა და ამ საწამლვს ვსუნთქავთ ადგილობრივები. 

ამის ყურება მაფიქრებინებს, რომ 2012 წელს გამართული საპროტესტო აქციაც ტყუილი იყო – დღევანდელმა ხელისუფლებამ ის მხოლოდ პირადი, პარტიული მიზნებისთვის გამართა.

ამის გაცნობიერება კიდევ უფრო დიდ პროტესტს იწვევს ჩემში – ამიტომ დავიწყე იმ ხალხის მხილება, რომლებიც კავშირში არიან ქარხნებთან. დავიწყე მათ დარღვევებზე საუბარი და ბუნებაზე მავნე  ზემოქმედების ამსახველ კადრების გასაჯაროება. ვწერდი იმ  რეალობაზე, რომელსაც ცემენტის ქარხნები კასპში ქმნიან. ამ პრობლემაზე აქციებიც კი მოვაწყვე.

ზოგიერთს არ მოსწონს ჩემი კრიტიკული მოსაზრებები. ასეთების უმრავლესობა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელია. მათ არ მოსწონთ, რომ მუნიციპალიტეტის მერს ვაკრიკიტებ. 

არადა, ფაქტი სახეზეა – ამ კაცს, ვახტანგ მაისურაძეს არაფერი გაუკეთებია სიტუაციის შესაცვლელად. ხოდა, რასაც ვხედავ, იმაზე ვსაუბრობ და ყოველთვის მიკვირს, რატომ ხვდებიან სხვები ასე დუმილით უყურადღებო, უპასუხისმგებლო და უპატივცემულო დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან. 

მინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენს აქტიურობაშია. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ქარხნებს ვალდებულებების შესრულება მოსთხოვოს. 

ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის მოთხოვნაა:

  • ქარხნის ტერიტორიიდან ყველა მანქანა გარეცხილი გამოვიდეს, რაც დამტვერიანებას შეამცირებს;
  • დაიწყოს 24-საათიანი მონიტორინგი და მკაცრად გაკონტროლდეს ფილტრების მუშაობის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერში გამონაბოლქვის შესამცირებლად. 
დატოვეთ კომენტარი
ტეგები